შეხვედრაზე მინისტრებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ფართო სპექტრი მიმოიხილეს, ისაუბრეს რეგიონალური პოლიტიკის საკითხებზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე. მაია ფანჯიკიძემ ფრანგ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე, კოაბიტაციის პროცესსა და მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორენს ფაბიუსი საქართველოში მიიწვია.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საფრანგეთსა და საქართველოს შორის ფანტასტიური ურთიერთობებია: “დიდი სიამოვნებით მივიღე ქართველი კოლეგა, ჩვენ მიმოვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები. საფრანგეთსა და საქართველოშ შორის აქტიურად ვითარდება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები. ვისაუბრეთ რეგიონალურ საკითხებზე და ჩვენი ხედვა ამ კუთხით ერთმანეთს ემთხვევა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმიწვია საქართველოში და მე შევეცდები რაც შეიძლება მოკლე დროში მოვახერხო ამ ვიზიტის განხორციელება”-განაცხადა ფაბიუსმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თქმით, საფრანგეთი ვილნიუსის სამიტის წინ სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის ასოცირების შეთანხმების პარაფირებას: “შეხვედრაზე ფართოდ მიმოვიხლეთ ორმხრივი ურთიერთობის საკითხები. ასევე ვისაუბრეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე. საფრანგეთის მინისტრმა აღვითქვა დახმარება ყველა იმ საკითხში, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ვილნიუსის სამიტის წინ საფრანგეთის სრულად უჭერს მხარს საქართველოსათვის ასოცირების შეთანხმების პარაფირებას. საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ვითარებას, კოაბიტაციის პროცესს და მოახლოებულ არჩევნებს,” _ განაცხადა მაია ფანჯიკიძმ.
მინისტრის ინფორმაციით ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის დროს ისაუბრეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებაზე. როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა საფრანგეთის მხრიდან დიდია დაინტერესება და პოტენციალი, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს ეკონომიკური ურთიერთობა. შეხვედრაზე მინისტრები ასევე შეეხნენ პრობლემატურ საკითხებსაც, რაც საფრანგეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობას უკავშირდება.
შეგახსენებთ საქართველოს სააგრეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მაია ფანჯიკიძე შეხვედრებს მართავს საფრანგეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ფრანგ ექსპერტებთან და ადგილობრივ მედიასაშუალებებთან.