საუბრის მთავარი თემა საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღი და მისი დემოკრატიულად გამართვის აუცილებლობა იყო. პრეზიდენტმა კვლავაც დაადასტურა რომ არჩევნები 2013 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.
მიხეილ სააკაშვილმა დადებითად შეაფასა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა და ყურადღება ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხარისხზე გაამახვილა. მან იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა მომავალშიც შეუწყობს ხელს ცესკო-მ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად განაგრძოს ფუნქციონირება.
„როგორც იცით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 2013 წლის 31 ოქტომბერს დაინიშნა. დღეს სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით შევხვდი ბატონ ზურაბს. მინდა ვთქვა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს არის ჩვენი მეორე შეხვედრა, რაც, თავისთავად, მიანიშნებს იმას, თუ რამდენად დამოუკიდებელია საარჩევნო ადმინისტრაცია და რამდენად მაღალია მათი მუშაობის ხარისხი. პირადად მე, წინა წლებში არასდროს არ გამჩენია მათ მუშაობაში ჩარევის სურვილი და არ ყოფილა ინტენსიური კონტაქტის აუცილებლობა. პოლიტიკური პროცესები იყო ძალიან მხურვალე, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რამდენად ცოტა და უმნიშვნელო იყო პრეტენზია თავად საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ. ამიტომ, იმედი მაქვს, მთავრობა მომავალშიც შეუწყობს ხელს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ მუშაობა დამოუკიდებლად, ხარისხიანად და კიდევ უფრო პროფესიონალურად გააგრძელოს. ჩვენ კი ამას ყველანაირად დავუჭერთ მხარს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.