პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი დღეს, 4 ივლისს, “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, 8-თვიანი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული მუშაობის შედეგად, საქართველოს მოსახლეობამ მიიღო შრომის ახალი კანონმდებლობა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსი ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს ჯანსაღი შრომითი ურთიერთობების კულტურის დამკვიდრებას საქართველოში და დაიცავს თითოეული დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესს.
“ვერავინ ვეღარ დაითხოვს სამსახურიდან დასაქმებულს ყოველგვარი მოტივაციის, ახსნა-განმარტების გარეშე; ზეგანაკვეთური ანაზღაურების გარეშე ვერავინ ვერავის ამუშავებს იმაზე მეტს, ვიდრე ამას ნორმირებული სამუშაო კვირა ითვალისწინებს. არის ახალი რეგულირებები ვადიან და უვადო შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, ინდივიდუალურ და კოლექტიურ შრომით დავებთან დაკავშირებით,” − განაცხადა ბარამიძემ.
საქართველოს შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების ნახვა დაინტერესებულ პირებს “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე − matsne.gov.ge − შეუძლიათ.