ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ “სასაფლაოების მართვის ცენტრი”, რომელიც ახორციელებს აბაშის მუნიციპალიტეტში ქალაქის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოვლა-პატრონობას, სუფთავდება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები, უპატრონო და მიტოვებული საფლავები იწმინდება მწვანე საფარისაგან; ნებაყოფლობითი ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლებელია საფლავების მოვლა.
ქვეპროგრამის ფარგლებში გახორციელდება რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობის მხარდაჭერის მიზნით ჭყონდიდის ეპარქიის სუბსიდირება.
ჩვენ ა(ა)იპ “სასაფლაოების მართვის ცენტრის” დირექტორს მიხეილ ჟვანიას ვესაუბრეთ.
_ თქვენს სამსახურს ევალება უპატრონო და მიტოვებული საფლავების გაწმენდა მწვანე საფარისაგან, მაგრამ სასაფლაოს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ბევრი საფლავია ბალახით დაფარული.
_ როგორც ასეთი, რომ უპატრონო საფლავების დასუფთავება გვევალებოდეს, დებულებაში არ გვიწერია. ეს იყო ჩვენი ინიციატივა. გამოვედით ამ ინიციატივით და დავიწყეთ უპატრონო, მიტოვებული საფლავების აღრიცხვა, მაგრამ სიზუსტეს მაინც ვერ მივაღწიეთ, რადგან წლების მანძილზე რომ არ გამოჩენილან მიცვალებულის პატრონები, ბოლო დროს გამოჩნდნენ. კიდევ წავაწყდით ერთ პრობლემას _ საფლავი, რომელიც წლების მანძილზე მიტოვებული იყო, ჩავთვალეთ უპატრონოდ და გავასუფთავეთ ბალახისგან. ამ დროს ვიყენებთ შხამ-ქიმიკატებს. მერე პატრონი რომ გამოჩნდა, პრეტენზიები გამოთქვა, რატომ მოწამლეთ, აქ ყვავილიც აღარ გაიხარებსო. საფლავებთან მისასვლელ გზებს სისტემატურად ვწმენდთ. ახლაც ახალი გაწმენდილია, მაგრამ წვიმები რომ იყო, ბალახი ისევ წამოვიდა.
_ ნებაყოფლობითი ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლებელია საფლავების მოვლა. რა თანხა უნდა გადაიხადოს საფლავის დასასუფთავებლად პატრონმა?
_ კი, ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლებელია. საკრებულომ დაგვიმტკიცა ტარიფი და ამის მიხედვით ერთი კვადრატული მეტრის გასუფთავება 17 თეთრია. თუ გავითვალისწინებთ, რომ საფლავი დაახლოებით 12 კვადრატული მეტრია, წელიწადში მის დასუფთავებას ღირს 23 ლარამდე.
_ თქვენს ვალდებულებებში შედის სასაფლაოს შემოღობვა.
_ კი, ეს პროექტიც გვაქვს და თუ იქნება დაფინანსება, იმ შემთხვევაში გაკეთდება. ახლახანს ჩვენი ძალებით შემოვღობეთ საკაჭარაოს ახალი სასაფლაო. იქ დიდი არხია და მოსახლეობის მხრიდან შემოდიოდნენ ძროხები. ამიტომ, დაახლოებით, 150 მეტრის სიგრძის ეკლიანი მავთულით შემოვღობეთ და დავიცავით ტერიტორია.
_ მოსახლეობა ამბობს, რომ საფლავისთვის მიწის შეძენა საკმაოდ დიდ პრობლემებთან და ხარჯებთან არის დაკავშირებულიო. რა ღირს ერთი კვადრატული მიწა საფლავისთვის?
_ ერთი კვადრატული მიწის ფართი ღირს 5 ლარი. ეს 12 კვადრატულ მეტრამდე, რომელიც არის სტანდარტული, ოთხადგილიანი საფლავი. 12 კვადრატის ზევით 20 ლარია ერთი კვადრატული მეტრი. პრობლემები საერთოდ არ არსებობს.
_ სულ რამდენი თანამშრომელი გყავთ?
_ 12 თანამშრომელი გვყავს. ძალიან შრომატევადი სამუშაოა. თუ მომავალში სხვა სასაფლაოებიც შემოვიდა ჩვენს დაქვემდებარებაში, ალბათ, საჭირო გახდება ახალი შტატების დამატება. ამჟამად ჩვენს დაქვემდებარებაშია მხოლოდ ქალაქის 7 სასაფლაო. ჩვენ 2017 წლამდე გვაქვს შედგენილი ბიუჯეტი, სადაც დაგეგმილი გვაქვს, რომ თუ იქნება ფულადი სახსრები სოფლების სასაფლაოებიც შემოგვიერთდება. საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია ნორიოს სასაფლაო, განკარის სასაფლაო, უნდოდათ დაესუფთავებინათ, მაგრამ ბიუჯეტში ვერ მოინახა თანხა და ამ ეტაპისთვის არ მოხერხდა.
_ კვათანაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ გვითხრა, რომ მის საკუთარ მიწის ფართობზე გაკეთდა ახალი სასაფლაო, რამაც ამ ადამიანის პროტესტი გამოიწვია, ის ამბობს, რომ უკანონოდ წაართვეს კერძო საკუთრება.
_ ეს იყო შარშანწინ, მაშინ მე აქ არ ვმუშაობდი, მაგრამ ვიცი ეგ საქმე. ეს მიწა არ არის კერძო საკუთრება. საკრებულომ გამოყო ნაკვეთი, რომელიც არც სახლთან არის მიერთებული და არც სამოსახლოსთან. პიროვნება, რომელიც დაობს, არის დევნილი და ისეა დასახლებული მაგ ადგილზე, პატრონი კი გარდაცვლილია. ეს მიწა არ შედიოდა კერძო მფლობელობაში და საკრებულომ გამოყო. ახლა დადგინდება წითელი ხაზი და ამის შემდეგ შემოვა ჩვენს დაქვებდებარებაში. წითელი ხაზის დადგენის შემდეგ შემოვღობავთ. კიდევ ვიმეორებ, არანაირი კანონდარღვევა არ მომხდარა.
_ ქალაქის სასაფლაოზე საფლავების პატრონები ამბობენ, რომ იქ ერთ-ერთი ხე მოსაჭრელია _ ქარის დროს ტოტები ტყდება და საფლავებს აზიანებს.
_ მე უკვე გავაკეთე ანგარიში საკრებულოს სხდომაზე. ახლა დავწერ მოხსენებით ბარათს საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე. ასეთივე მდგომარეობაა კვათანის და პატარა კვათანის სასაფლაოებზეც. შედგება კომისია და ავარიულ ხეებსაც მივხედავთ _ თუ დადგინდა, რომ მოსაჭრელია, მოიჭრება.
_ ბატონო მიხეილ, ცოტა უცნაურია სასაფლაოების მართვის ცენტრი რელიგიური ძეგლების მოვლა-პატრონობაში რომ შედის.
_ გასული წლის მაისში, როცა ეს სამსახური ჩამოყალიბდა, მაშინ უკვე გაწერილი იყო ბიუჯეტიც და მხოლოდ ამიტომ მოხდა, რომ აქ დაგვაქვებდებარეს.