ინგა კიკვიძის განცხადებით საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა სირიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან. საკონსულო აღრიცხვაზე მყოფთაგან ბოლო ორმა ოჯახმა, საელჩოს დახმარებით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში უკვე დატოვა ქვეყანა.
_ დამასკოში ჯერ კიდევ იმყოფება საქართველოს 22-მდე მოქალაქე, რომლებიც იქ კერძო საქმიანობით არიან დაკავებული. საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივი კონტაქტი აქვს მათთან და ცდილობს მოიპოვოს ზუსტი ინფორმაცია თუ ვის სურს სირიიდან გამომგზავრება. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე ჯგუფის ყველა წევრს შორის არ არის მიღწეული თანხმობა ქვეყნის დატოვების შესახებ.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ რეკომენდაციას უწევს სირიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, დატოვონ სირიის ტერიტორია. ამ ეტაპზე, სამინისტრო მუშაობს ინტენსიურ რეჟიმში, მათ შორის მეგობარ პარტნიორ სახელმწიფოებთან, რათა მოხერხდეს დამასკოდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის უსაფრთხო მარშრუტის შერჩევა და მოქალაქეებისთვის შეთავაზება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა ყველა ღონეს ვიხმართ რათა მოხერხდეს მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანა.
აღსანიშნავია, რომ ამ მოქალაქეებს 2011 წლიდან მოყოლებული ეძლეოდათ რჩევა დაეტოვებინათ სირია, თუმცა სამწუხაროდ, მათ გამგზავრების გადაწყვეტილება არ მიიღეს _ განაცხადა ინგა კიკვიძემ.