შეხვედრის ძირითადი თემა საპრეზიდენტო არჩევნები და მასში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა იყო. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, მან ბრიტანეთის ელჩს სთხოვა რომ ბრიტანული მხარე, რაც შეიძლება აქტიურად იყოს ჩართული 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება მნიშვნელოვანია არჩევნების სწორად წარმართვის პროცესისთვის.
პრეზიდენტობის კანდიდატისა და ელჩის შეხვედრა დახურულ რეჟიმში ერთი საათის განმავლობაში ქუთაისის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” მიმდინარეობდა.
“ჩემი თხოვნა იყო, რაც შეიძლება აქტიურად იყოს ბრიტანეთის მხარე ჩართული მიმდინარე არჩევნების გაშუქებასა და მასზე დაკვირვებაში. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა ამ არჩევნებში,” _ განაცხადა “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატმა.
გიორგი მარგველაშვილი დღესვე საკუთარ ამომრჩეველს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხონში შეხვდება და მათ საარჩევნო პროგრამას გააცნობს.