“ერთმანეთს ხელითაც შეეხენ“, – გვითხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა, რომელსაც ამისი სახელი და გვარი საჯაროდ გამოქვეყნება არ სურს.
შემთხვევა თითქოს ძალზე ყოფითი და ბანალურია, მოხდა სამსახურებრივი კონფლიქტი, მაგრამ კულტურის ცენტრის თანამშრომლები შეთანხმებულებივით უარყოფენ ყველაფერს.
ჩვენი წყარო ყვება, რომ პარასკევს, სამუშაო საათების შემდეგ კულტურის ცენტრის დირექტორ გივი ქურიძესა და მის თანამშრომელ გიორგი მურვანიძეს შორის მოხდა კონფლიქტი, რემელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გიორგი მურვანიძე კულტურის ცენტრის ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელია და ბავშვებს გიტარის გაკვეთილებს უტარებს. ამ დაპირისპირების შემდეგ მურვანიძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.
გივი ქურიძე გავრცელებულ ხმებს ფიზიკური შეხლა-შემოხლის შესახებ, მის წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს. იგი აღიარებს, რომ მასსა და მის თანამშრომელს შორის მართლაც იყო გარკვეული უთანხმოება, უფრო სწორად ვერ შეთანხმდნენ სამუშაო პროცესზე.
“გიორგით უკმაყოფილო არ ვარ, ძალიან კარგი თანამშრომელია. გარდა სამუშაოსი, ჩვენ ისედაც ახლო ურთიერთობა გვაქვს. ამიტომ როგორც ახლობლისგან, მეტს ვითხოვ. დაგეგმილი მქონდა გასვლითი კონცერტების ჩატარება სხვადასხვა სკოლაში და მასაც ვთხოვე ოთხ გიტარისტთან ერთად ნომრის მომზადება. ის ცოტა რთულ თემას შეეჭიდა და გადაწყვიტა “პინკ ფლოიდის“ ცნობილი კომპოზიცია “კედელი“ მოემზადებინა. მე ჩავთვალე, რომ მისი ნამუშევარი არ იყო მაღალი სტანდარტის და ვთხოვე შეეცვალა ნომერი. ამაზე ვიკამათეთ. მაგრამ ეს კამათი ჩემს სამუშაო ოთახის კედლებს არ გაცილებია. არანაირი ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. ვთვლი, რომ სპეციალურად გაავრცელეს ხმები ჩემი რეპუტაციის შესალახად“_ამბობს “გურია ნიუსთან“ გივი ქურიძე.
გივი ქურიძე იმასაც ადასტურებს, რომ მურვანიძემ წასვლის შესახებ განცხადება დატოვა. “მე პირადად არ მინახავს მისი განცხადება და არც მის გაშვებას ვაპირებ. ველოდები, რომ გიორგი ჩვეულ დროს ისევ მოვა სამსახურში და გააგრძელებს მუშაობას.“– აცხადებს კულტურის ცენტრის დირექტორი.
“გურია ნიუსი“ გიორგი მურვანიძეს დაუკავშირდა, რომელმაც კონფლიქტის თაობაზე ინფორმაცია არ დაადასტურა და გვითხრა, რომ მან ახალი სამსახური დაიწყო.
_ ბატონო გიორგი, რატომ დატოვეთ ლანჩხუთის კულტურის ცენტრი?
_ ახალი სამსახური ვნახე და ახალ სამსახურში უფრო მეტია ხელფასი.
_ იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, სად დაიწყეთ მუშაობა?
_ სუფსის სამუსიკო სკოლაში 150 ლარი მექნება, თან ჩემ საცხოვრებელ სახლთან ახლოს არის. ლანჩხუთის კულტურის ცენტრში 80 ლარი მქონდა ხელფასი.
_ ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ თქვენი და გივი ქურიძეს კონფლიქტი მოგივიდათ და ამის გამო წამოხვედით სამსახურიდან.
_ ტყუილია ეს ყველაფერი. არ ვიცი ვინ მოიგონა. დაესიზმრა ალბათ ვინმეს, _ გვითხრა გიორგი მურვანიძემ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ამბობს, რომ ამ ფაქტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს. მასაც შემთხვევით გაუგია ეს ამბავი და წვრილმანების დაზუსტებას ჟურნალისტებისაგან ცდილობდა.
გამგეობის კულტურის და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ირმა მგელაძე ამტკიცებს, რომ ის იმ დღეს თბილისში იმყოფებოდა და ჭორის დონეზეც კი არ გაუგია ეს ამბავი.