საქართველოდან მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დავით ჯანდიერი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მშენებლობისა და სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსი დავით გიგინეიშვილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე კერესელიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ეკატერინე მესხიძე.
მინისტერიალზე დელეგატები იმსჯელებენ ბინათმშენებლობისა და ურბანული განვითარების, მიწის ადმინისტრირებისა და მართვის, სივრცობრივი დაგეგმარებისა და რეგიონში უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობის საკითხებზე. ევროპის ეკონომიკური კომისიის ბინათმშენებლობის და მიწის მართვის კომიტეტი მინისტერიალს დასამტკიცებლად წარუდგენს 2014 – 2020 წლების სტრატეგიისა და მიზნების პროექტს. აგრეთვე, წევრი ქვეყნების და დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობით შეიმუშავებს დეტალურ სამოქმედო გეგმას სტრატეგიული დოკუმენტის შემდგომი დახვეწისათვის.
მინისტერიალზე წევრი ქვეყნების მინისტრები შეაფასებენ რეგიონში ბინათმშენებლობისა და მიწის მართვის მდგომარეობას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დავით ჯანდიერი მოხსენებაში საქართველოში მიწის ადმინისტრირების მიღწევებსა და სამომავლო გამოწვევებს მიმოიხილავს.
მინისტერიალის ორგანიზატორია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ბინათმშენებლობის და მიწის მართვის კომიტეტი (Housing and Land Management Committee), რომელიც გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 56 წევრ ქვეყანას წარმოადგენს. კომიტეტის ძირითადი მისიაა რეგიონში ბინათმშენებლობისა და მიწის მართვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, ქვეყნების ბინათმშენებლობის სისტემათა შეფასება, პოლიტიკის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.