დოკუმენტს დღეს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა და ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს ცენტრის მოხალისეების სამხედრო ბაზებზე შესვლას, მათთვის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე სემინარებისა და სხვადასხვა სიმულაციური წვრთნის ჩატარებას. თავდაცვის უწყება ხელს შეუწყობს ასევე, ცენტრის თანამშრომლობას სამხედრო სასწავლო დაწესებულებებთან.
თავის მხრივ, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირზე საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცნობადობის გაზრდას შესაბამისი საინფორმაციო კამპანიების გზით გეგმავს. თავდაცვის უწყებასა და საინფორმაციო ცენტრს შორის ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში, ცენტრი ასევე, საზოგადოებას თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაციებს მიაწვდის.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და მათთან ერთობლივ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.