ცესკოს სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლებისთვის თანაბარი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებულ საქმიანობებზე ისაუბრა:
ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესებში მაქსიმალურად ჩართულობის უზრუნველსაყოფად, 2012 წლიდან ცესკოს ინიციატივით შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი.
ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული ადგილების გათვალისწინებით 12 ოლქში, შექმნილია 338 საარჩევნო უბანი.
სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ითარგმნა და დაიბეჭდა 20-მდე დასახელების საარჩევნო მასალა, მათ შორის ამომრჩეველთა ერთიანი სია და საარჩევნო ბიულეტენები. ორენოვანი, -ქართულ-აზერბაიჯანული ბიულეტენები დაიბეჭდება 9 ოლქის 200-მდე უბნისთვის; ქართულ-სომხური ბიულეტენები – 7 ოლქის 130-ზე მეტი უბნისთვის; და მარნეულის ოლქის 3 უბნისთვის დაიბეჭდება სამენოვანი – ქართულ -აზერბაიჯანულ-სომხური ბიულეტენები.
ითარგმნა ცესკოს 9 სარეკლამო რგოლი; რეკლამები გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის და 6 რეგიონული ტელევიზიის ეთერში.
ცესკოს კონტაქტ-ცენტრის ოპერატორები ამომრჩევლებს ქართული ენის გარდა, ინფორმაციას აწვდიან სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზეც.
ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული მონაცემები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
ცესკოსთან არსებული ტრენინგების ცენტრის მეშვეობით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა ინფორმირებულობისა და მათი ხელშეწყობის მიზნით დაფინანსდა 5 არასამთავრობო ორგანიზაცია. ასევე, ტრენინგების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა 6 არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტი.
აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების კუთხით განხორციელებული პროექტების ფარგლებში დიდი ყურადღება ექცევა ქალების მონაწილეობის ზრდასა და მათ როლს საარჩევნო პროცესებში.
“საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად ზრუნავს, რომ თითოეული ამომრჩევლისთვის იყოს უზრუნველყოფილი თანაბარი საარჩევნო გარემო. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის აქტივობებიც, რომლებიც ცესკომ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში განახორციელა”, _ განუცხადა ჟურნალისტებს ეკატერინე აზარაშვილმა საინფორმაციო ბრიფინგის ბოლოს.