“ოქროს პალიტრის” გახსნის იდეა მხატვარს, ავთანდილ თავართქილაძეს ეკუთვნის.
“ბატონ ვახტანგს ოზურგეთში პატარა ექვთიმე ღმრთისკაცს ეძახიან, რადგან ის ქველმოქმედი ადამიანი არის და ახალგაზრდა თაობას გვერდში უდგას”, _ განაცხადა გამოფენაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსმა, მაია თანდილაშვილმა.
“ბატონი ვახტანგ მამეიშვილი თავისი თაობის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია, რომელმაც გაბედა და ზურგი შეაქცია ათეისტურ რეალობას. მის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი და ზოგადად, მთელი მისი ცხოვრება წარმოადგენდა მსახურებას. იგი ემსახურებოდა ხელოვნებას, თავისუფლების იდეას, მართალ სიტყვას, ჭეშმარიტების ძიებას და რაც მთავარია, იბრძოდა ქართული სულის გადარჩენისთვის”, _ თქვა თავისი სიტყვის გამოსვლის დროს ხელოვნებათმცოდნე ლია ურუშაძემ.
გამოფენაზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვიდნენ სტუმრები.
“ოქროს პალიტრის” გახსნის შემდეგ ვახტანგ მამეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა: “მთელი ცხოვრება ვიყავი ისე, რომ არ მინდოდა ბატონი მყოლოდა და არც ვინმეს ბატონი ვყოფილიყავი. ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო თავისუფლება და ამიტომ, ალბათ, ჩემი ინტერესთა სფერო სწორედ ამ გრძნობამ შეცვალა, თორემ რომ დავკონკრეტებულიყავი, რომელიმე სხვა სფეროში, შეიძლება, უფრო მეტი მიღწევა მქონოდა. ღმერთმა ასე ინება და ახლაც არ ვეშვები იმას, რომ დავკონკრეტდე ერთ რომელიმე სფეროში. იმიტომ, რომ ასე მეუბნება უფალი, რომ მე ჩემი წერტილი უნდა დავსვა სამყაროში. ყველა ადამიანს აქვს თავისი წერტილი და ერთ-ერთი წერტილი ჩემიც იქნება. ჩვენ პატარ-პატარა წერტილები ვართ და თუ ერთად შევიკვრებით, ძალიან კარგ საქმეებს გავაკეთებთ. უბედურება ის არის, რომ ქაოსია და ეს წერტილები გაბნეულია. მე ვუსურვებდი ყველა, მოეძებნოს თავისი წერტილი ცხოვრებაში.”