ამის შესახებ ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“განსხვავებით გასული წლისგან, როცა ოპოზიცია ხელოვნურად ტეხდა აჟიოტაჟს და სკანდალის მოწყობას ცდილობდა, სხვადასხვა ფაქტებთან დაკავშირებით და ხშირ შემთხვევაშიც, ინსცენირებას ახდენდა პრობლემების საარჩევნო უბანთან. ჩვენ განსხვავებული მიდგომა გვაქვს და ის, რომ საარჩევნო გარემო მშვიდია და დაძაბულობა დაბალ დონეზეა, ეს ყველაფერი ცალსახად არის ჩვენ მიერ კონსტრუქციული მუშაობის შედეგი, რაც გამოიხატება დღევანდელ დღეს და ჩვენ ყველა ჩვენ დამკვირვებელს, წარმომადგენელს მოვუწოდებთ, რომ მშვიდ გარემოში ჩაატაროთ არჩევნები, დღის ბოლომდე შევინარჩუნოთ ეს ყველაფერი და დაევლოდოთ საარჩევნო შედეგებს”, _ განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, ამ დროისთვის უბნებზე ძალიან ბევრი დარღვევა გამოიკვეთა, მათ შორის არის დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ფაქტებიც.
“რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს, ამ კუთხით ძალიან ბევრი დარღვევა გამოიკვეთა. კერძოდ, კრწანისის 26-ე საარჩევნო უბანზე ზემო ფონიჭალაში დამკვირვებელს დაჩი ვარძელაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა “ქართული ოცნების” ე.წ. ზონდერ ჯგუფი, რომელსაც ზაზა ოქიაშვილი ხელმძღვანელობდა. გვინდა, მივმართოთ სამართალდამცველ ორგანოებს, რომ მკაცრი რეაგირება მოახდინონ ამ ფაქტთან დაკავშირებით. ბევრ უბანზე საქართველოს მასშტაბით შენიშნება პოლიციელების და სამართალდამცველების აქტივობა, როცა ისინი პირდაპირ ერევიან საარჩევნო აგიტაციაში”, _ განაცხადა ვაშაძემ.