მისივე განცხადებით, საჭიროა ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ნამდვილ ოპონირებას გაუწევს ხელისუფლებას. ამ მიმართულებით აკაკი ასათიანისა და სერგო ჯავახაძის ორგანიზაციებმა ურთიერთთანამშრომლობა უკვე კოორდინაციის ეტაპზე გადაიყვანეს.
“ჩვენ არ ვიცით საით მიიწევს ქვეყანა, ჯერ მხოლოდ გვესმის შევარდნაძიდან მოყოლებული, რომ ქვეყანა მიიწევს ჩრდილო ატლანტიკისკენ. თუმცა, რეალურად ერთი ნაბიჯითაც არ წავწეულვართ წინ. ვერ ვხედავთ მკაფიო სიგნალებს და სამოქმედო გეგმას. იმედი მაქვს, ახალი პრემიერი შეძლებს ეფექტური მუშაობის წარმართვას. მთავარი ის კი არ არის, ვისით დააკომპლექტებს მინისტრთა კაბინეტს, მთავარია სამოქმედო პროგრამა, რომლითაც წარსდგება ახალი მთავრობა.
ოპოზიციას თავისი ამოცანა აქვს. ახლა არ არის დრო ქიშპობისა და პაექრობისა, დღეს საჭიროა კონსტრუქციული თანამშრომლობა ქვეყნის სასიკეთოდ.
ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები პარტიებთან, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატებთან. ჯერ–ჯერობით შემიძლია გითხრათ, რომ სერგო ჯავახაძის ორგანიზაციასთან დავასრულეთ კონსულტაციები და უკვე კოორდინაციის დონეზე მიდის თანამშრომლობა. საჭიროა ჩამოყალიბდეს ახალი ძალა, ახალი მსხვილი გაერთიანებები და ხალხს მიეცეს არჩევის უფრო რეალური შესაძლებლობა”.
ასათიანი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაერთიანების შესაძლებლობა გამოჩნდა, რადგან გამოიკვეთა არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალა, რომელმაც საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა და არ გამორიცხავს, რომ სწორედ ნინო ბურჯანაძის გარშემო მოხდეს ოპოზიციურ ძალთა გაერთიანება.
“ნინო ბურჯანაძეს სერიოზული შედეგი ჰქონდა. უთანაბრო ბრძოლაში შეძლო დიდი შედეგის დაფიქსირება, ეს უკვე ბევრის მანიშნებელია. ამიტომ, მის გარშემო გაერთიანებასაც არ გამოვრიცხავ. თუმცა, ჯერ არ ვიცით თავად რას ფიქრობს და როგორია მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით”.
აკაკი ასათიანი აცხადებს, რომ “ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი” მზად არის ნებისმიერ ოპოზიციურ ძალასთან კონსულტაციებისთვის და თავის მხრივ სხვებსაც მოუწოდა ასეთი ნაბიჯის გადადგმისკენ.