“ნაციონალური მოძრაობა” არ შეიძლება იყოს ოპოზიციაში, რადგან მას ბევრი რამ აქვს წამოსაყვედრებელი, სწორედ ეს გამოიყენა ღარიბაშვილმა დღეს, პრაქტიკულად, ამ ძალის ოპოზიციაში ყოფნა ოპოზიციონერობის იდეის წამგებიანობაა საქართველოში. ამიტომ, ქვეყანაში ოპოზიცია დიდხანს არ გვეყოლება”.
მთავარ ოპოზიციურ ძალად არ თვლის “ნაციონალურ მოძრაობას” ექსპერტი მამუკა არეშიძეც. მისი თქმით პარტია, რომელსაც საზოგადოების მიმართ ბევრი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, ობიექტურ ოპონირებას ვერ გაუწევს მთავრობას.
“ნაციონალურ მოძრაობას” მთავარ ოპოზიციურ ძალად ვერ ჩავთვლი, იმიტომ, რომ ეს არის პარტია, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი. აქედან გამომდინარე, ოპოზიციური ძალა, რომელიც მუდმივად არის შინაგანი თავის მართლების რეჟიმში, ის აღარ არის ობიექტური ოპოზიცია. პარტია დაკავებულია თავის გადარჩენით. ოპოზიციის დღევანდელი მდგომარეობა არის არაჯანსაღი და ეს უნდა შეიცვალოს. სამწუხაროდ, საქართველოში, ეტყობა ჩვენი დასავლელი მეგობრების კარნახით ყალიბდება ორპარტიული სისტემა, რაც საქართველოსთვის აბსოლუტურად მიუღებელია, როგორც პოლიტიკურად დაბალი კულტურის ქვეყნისთვის, მითუმეტეს ამ მდგომარეობაში, როცა ორპარტიულობაში იგულისხმება “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”.
ექსპერტი მამუკა არეშიძე თვლის, რომ რეალურად უნდა არსებობდეს მესამე ძალა, რომელიც ქვეყანაში ჭეშმარიტი ოპოზიციის ტვირთს იტვირთავს.
ექსპერტ კახა კახიშვილის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ძლიერი პარტიაა, რომელსაც სერიოზული პარტიული სტრუქტრა და დისციპლინა აქვს.
“ნაციონალური მოძრაობა” არც ისეთი სუსტი რგოლია, როგორც ვინმეს წარმოუდგენია, სერიოზული პარტიული სტრუქტურა აქვს, კარგი პარტიული დისციპლინა აქვს და ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსები არიან მოძრაობაში. მათ აქვთ ერთიანობის შეგრძნება, იციან, რომ სხედან ბუშტში და თუ ეს ბუშტი გასკდა, ვერავინ ვერ გადარჩება, ამიტომ პარტიული სახეები ერთიანობას შეინარჩუნებენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტაქტიკურად დაჭირდათ გადაჯგუფება”.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი ბარამიძე კი აცხადებს, რომ ოპოზიცია ყველა იმ შეცდომას აცნობიერებს, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინა და სამომავლოდ ამ შეცდომების გამოსწორებას გეგმავს.
“ჩვენ არ ვართ ის გუნდი, რომელიც ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას ყველაფერ იმაზე, რაც ხდებოდა ჩვენი ხელისუფლების დროს. ვამაყობთ იმით, რაც გაკეთდა კარგი და ვაცნობიერებთ ძალიან ბევრ პრობლემას, რომელიც ჩვენს დროს იყო. ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ადამიანებზე, რომელთა არსებობაც ჩვენი ერის ისტორიაში შავი ლაქაა, ვგულისხმობ იმ სადისტებს, რომლებიც იყვნენ ციხეში და არაადამიანურად ეპყრობდნენ ჩვენს მოქალაქეებს. ვალდებულები ვართ, ამისთვის ბოდიში მოვიხადოთ იმიტომ, რომ არ არსებობს ხელისუფლება, რომელსაც არ ეშლება, რომლის დროსაც არ ხდება დანაშაული, მაგრამ ხელისუფლება და პოლიტიკური გუნდი მაშინ არის კარგი, როცა მას უნარი აქვს, პრობლემა დაინახოს და გამოსწორებას შეეცადოს“”.
პარლამენტი დღეს 11 საათზე რიგგარეშე სესიაზე ახალ მთავრობას დაამტკიცებს. როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმცირესობა ხვალინდელ სესიაზე მთავრობისადმი ნდობის საკითხის მხარდაჭერას არ აპირებს. საპარლამენტო ოპოზიციის განმარტებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიუჯეტის საკითხებში ნაკლებად არის გარკვეული და ის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის გამტარებელია.