“ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს, ფაქტი სახეზეა – ბიძინა ივანიშვილი ცალსახად აცხადებს, რომ პოლიტიკას ჩამოშორდა და არც ხელისუფლების მართვაში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა რეალობა სხვა რამეზე მეტყველებს – კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა, რომ მათ ჰყავთ მერობის კანდიდატი- დავით ნარმანია. ამ ეტაპზე მის დამსახურებებზე არაფერს ვამბობ, ერთ ფაქტს მინდა გამოვეხმაურო, ირაკლი ალასანიამ არ დამალა და განაცხადა, რომ ნარმანიას კანდიდატურა მათ ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა, იქნებ ვინმემ ამიხსნას, რას ნიშნავს ეს? ბიძინამ პრეზიდენტი შემოგვთავაზა, შემდეგ მისი ხათრით პრემიერი დანიშნეს, ახლა ამბობს პოლიტიკიდან წავედიო და თან ქალაქის მერის კანდიდატურას გვთავაზობს, როგორც ჩანს კულისებიდან ქვეყნის მართვასთან და პოლიტიკურ ვირეშმაკობასთან გვაქვს საქმე”.
პარტიის ლიდერი ჟურნალისტებთან საუბრისას ხელისუფლების მიერ მომზადებულ კანონპროექტს შეეხო და თვითმმართველობის რეფორმას საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა უწოდა.
“მინდა გამოვეხმაურო თვითმართველობის შესახე მომზადებულ კანონპროექტს, რომელსაც ხელისუფლება თვითმმართველობის რეფორმას უწოდებს. ჩემის აზრით, ეს არის საზოგადოებისადმი თვალში ნაცრის შეყრა და რბილად რომ ვთქვათ, ტყუილი – თითქოს ხალხის მონაწილეობა ხელისუფლების ამ შტოში ძლიერდება.
შემოთავაზებულ კანონპროექტში ხალხის უშუალო მონაწილეობის ფორმა ამოღებულია, არის მხოლოდ ერთ – არჩევის ნაწილში, მაგრამ თავად მოსახლეობა როგორ მონაწილეობს ამ ხელისუფლებაში, ეს მომენტია გამორიცხული. კანონი გვექნება თვითმმართველობისა და რელურად, თვითმმართველობა არ იარსებებს. ამ რეფორმაში გვთავაზობენ გუბერნატორის ინტიტუტს. გუბერნატორის ინსტიტუტი დამახასიათებელია მხოლოდ ფედერაციული მოწყობის სახელმწიფოებისათვის, სადაც ტერიტორიულ ერთეულებად არის დაყოფილი ქვეყანა. საქართველო ჯერჯერობით არის უნიტარული მოწყობის ქვეყანა, ჩვენ არ გვაქვს დაყოფილი ტერიტორიული ერთეულები. როდესაც ასეთი ვითარება გვაქვს და შემოგვაქვს უცხოური, ახალი ინსტიტუტი, მას უნდა ჰქონდეს ეკონომიკური, ან პოლიტიკური საფუძველი. არც ერთი ასეთი ნიშანი არ ახლავს თან ამ ინსტიტუტის შემოღებას. ამიტომ ეს არის ბუტაფორია, ფორმალობა. არავითარი აუცილებლობა და მოთხოვნილება არ არსებობს ქვეყანაში, რომ იყოს გუბერნატორის ინსტიტუტი, მითუმეტეს, როდესაც საუბარია თვითმმართველობაზე. ამ რეფორმაში პოზიტივი ვერ დავინახე, მინდა ცალსახად დავაფიქსირო ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება ამ პროექტისადმი. ვურჩევ ჩვენს კანონმდებლებს, კარგად დაფიქრდნენ, იმსჯელონ, გაითვალისწინონ ექსპერტთა აზრი და ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას”.