“არც ერთი საინფორმაციო საშუალებისთვის ინტერვიუ არ მიმიცია, ამ ეტაპზე მხოლოდ “ფეისბუქზე” გაკეთებული განცხადებით შემოვიფარგლები,” _ აღნიშნა ჯანდიერმა.
“გურია ნიუსი” დავით ჯანდიერის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“მოგესალმებით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა განვმარტო შემდეგი: გასულ წელს ჩემს წარდგენას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე საზოგადოება დადებითად შეხვდა, რის გამოც, სავსებით ბუნებრივად მიმაჩნია ის ინტერესი, რაც მოჰყვა ჩემს ხელახლა წარუდგენლობას ამ პოზიციაზე.
ასევე, ბუნებრივად მიმაჩნია შეკითხვების გაჩენა მათგან, ვინც მიცნობს როგორც ადამიანს, მენეჯერს და იურისტს. განვლილი ერთი წელი იუსტიციის სამინისტროში მაფიქრებინებს, რომ ერთგულად, წესიერად ვემსახურე იმ საქმეს, რომელიც მე, როგორც საჯარო მოხელეს მევალებოდა. გადაწყვეტილებებს ვიღებდი ყოველთის გაბედულად, თუმცა საკითხის სათანადოდ აწონ-დაწონვისა და გაანალიზების შემდეგ. მსურს კმაყოფილებით გავიხსენო მუშაობის ეს წელი სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლებთან, უპირველეს ყოვლისა კი – იუსტიციის სისტემის მუშაკებთან. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა დავადასტურო პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომლის მხარდაჭერის გარეშეც ვერ შევძლებდი მემუშავა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ვიცე–პრემიერ კახი კალაძეს გაწეული თანადგომისათვის. მჯერა, რომ მხოლოდ პროფესიონალიზმით, გონივრული, ჯანსაღი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმის პირობებში შეძლებს იუსტიციის სამინისტრო წარმატების მიღწევას, იმ ურთულესი ამოცანებისა და განსახორციელებელი საკითხების გადაწყვეტას, რომლის წინაშეც ის დგას.
პატივისცემით, დავით ჯანდიერი
P.S. დაზუსტებისთვის: თეა წულუკიანი გავიცანი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც როგორც იურისტი გავდიოდი სტაჟირებას (კონკრეტულად ვინმეს სტაჟიორი არ ვყოფილვარ). უკეთ კი იუსტიციის ამჟამინდელმა მინისტრმა გამიცნო მაშინ, როდესაც გირგვლიანის ოჯახის ინტერებს ვიცავდი ევროპულ სასამართლოში და მაშინ, როდესაც “ქართული ოცნების” საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიყავი ნაძალადევის რაიონში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში,” _ წერს ჯანდიერი საკუთარი “ფეისბუკის” გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ დავით ჯანდიერი თეა წულუკიანის პირველ მოადგილედ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა.
ჯანდიერის გათავისუფლების შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ წულუკიანმა განუცხადა. მისივე განმარტებით, პირველი მოადგილის თანამდებობაზე დავით ჯანდიერს ალექსანდრე ბარამიძე შეცვლის.
ამასთან, დავით ჯანდიერი იუსტიციის სამინისტროში მუშაობას აღარ გააგრძელებს.
“მე საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარვუდგინე ჩემი მოადგილეების ახალი განახლებული გუნდი. პირველ მოადგილედ შევთავაზე სანდრო ბარამიძის კანდიდატურა. ბატონები გოჩა ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ბურჭულაძე ასევე გააგრძელებენ საქმიანობას და ისინი წარდგენილი არიან მოადგილის თანამდებობაზე. მეოთხე მოადგილის ადგილზე კი პრემიერს შევთავაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს ამჟამინდელი ხელმძღვანელი მიხეილ სარჯველაძე. ეს ის გუნდია, ვისთან ერთადაც მესახება, გავაგრძელო სერიოზული საქმის კეთება, რაც უკვე ხელმეორე ნდობის გამოცხადებით დაგვავალა პარლამენტმა და პრემიერ-მინისტრმა,” _ განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება დავით ჯანდიერს, მინისტრის განმარტებით, მისი საქმიანობის გარკვეული კრიტერიუმების შეფასების შედეგად გადაწყვიტა, რომ პირველი მოადგილე ის აღარ ყოფილიყო.
“დავით ჯანდიერს მე ვიცნობ ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა სტრანსბურგში 3 თვის განმავლობაში ჩემი სტაჟიორი იყო. ბოლო წელი ერთად ვიმუშავეთ და ეს იყო ყველასთვის გამოცდა გამძლეობაში, სერიოზულობასა და საქმისადმი სწორ მიდგომაში. ამ საქმეების შეფასების შედეგად გადავწყვიტე, რომ პირველი მოადგილე არ იყოს,” _ დასძინა წულუკიანმა.