_ ყოველ წელიწადს, სოციალურად დაუცველ ფენას ყოველთვის გვეხმარებოდნენ შეშით, ახლა კი _ აღარ. თუ შეშა არ მოჰქონდათ, მაშინ 100 ლარს გვაძლევდნენ. ძალიან რომ არ მიჭირდეს, არავის არაფერს მოვთხოვდი. განცხადება უკვე შეტანილი მაქვს გამგეობაში, მაგრამ ეს განცხადებაც ძლივს დავტოვე _ არ იღებდნენ. შემდეგ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, კონსტანტინე შარაშენიძე ვნახე. მითხრა, იანვარში მოგიტანთ შეშასო, მაგრამ მანამდე რა უნდა ვქნა? დარში თუ ავდარში გამოვდივარ გარეთ და ვმუშაობ, მაგრამ ხან ხდება ისე, რომ ორი ლარის მეტი არ წამიღია სახლში. ოთხი სული ვცხოვრობთ ოჯახში და არავინ არ მუშაობს. ობოლ შვილიშვილს ვზრდი. გამგეობას ვთხოვ დახმარებას, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები გიული ტოროტაძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ალეკო ბერიძის თქმით, წელს ერთჯერადი დახმარების გაცემა მოხდება და თავად შეეძლებათ მოქალაქეებს ამ თანხის გამოყენება: _ ბიუჯეტში მუხლი სათბობის საშუალებისთვის არ დევს. ფულად დახმარებაზე გავაკეთეთ აქცენტი _ ეს იქნება ერთჯერადი დახმარება. შეშის დახმარების საკითხი, ვთვლი, რომ, რიგ შემთხვევაში, შეიძლება, არამიზნობრივ ხასიათს ატარებდა, რადგან აღნიშნული თანხის მიღების შემდეგ, მოსახლეობის რაღაც ნაწილი თანხას არ იყენებდა მიზნობრივად. ამიტომ ერთჯერადი დახმარების მუხლში მოხდება თანხის გაზრდა, _ თქვა ალეკო ბერიძემ.
ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე, ირაკლი სირაძე ამბობს, რომ გამგეობაში ყველა სახის განცხადება შემოდის, მათ შორის, მოქალაქეები ითხოვენ სათბობის მიწოდებას: _ ყველანაირი ტიპის განცხადებები შემოდის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. რა თქმა უნდა, მოსახლეობა ითხოვს გათბობის საშუალებასაც. წინა წლებში იყო გათვალისწინებული სათბობი საშუალებებისთვის ხარჯები, ასევე, ერთჯერადი დახმარება. რეალურად, წლის დასაწყისიდან 4-5 თვეში უკვე პრობლემა იქმნებოდა თანხის გაცემაზე, რადგან საკმარისი თანხა არ რჩებოდა ბიუჯეტში. წელს, ვფიქრობთ, რომ ერთჯერადი დახმარების სახით ფულადი დახმარება მიიღოს ყველა იმ ოჯახმა, რომელსაც ექნება შესაბამისი სარეიტინგო ქულა. გვინდა, ავიღოთ იმდენი ვალდებულება, რისი გაცემის საშუალებაც გვექნება. გარდა ამისა, ვგეგმავთ სოციალური პაკეტის გაზრდას, _ გვითხრა ირაკლი სირაძემ.