მათ გვთხოვეს, გაგვერკვია, რატომ იყო გადათხრილი მაკვანეთის ცენტრამდე მისასვლელი გზა.
“ჩაყარეს მილები, გადათხარეს გზები. 5 ოჯახს გამოუყვანეს წყალი და დანარჩენი მცხოვრებლები კი წყლის გარეშე ვართ დარჩენილი. თუ სოფლის დახმარების პროგრამით გაკეთდა ეს პროექტი, მაშინ გვითხრან, ამხელა სოფელში მარტო ხუთ ოჯახს რატომ ერგო წყალი, რა პრივილეგიებით სარგებლობენ ისინი?!” _ ამბობენ “გურია ნიუსთან” მაკვანეთელები.
სოფლის რწმუნებულის ალეკო ბურძგლას განცხადებით, ყველაფერი კანონის ფარგლებში გაკეთდა: _ მილები ერთი წლის წინ ვიყიდეთ. წინა წელს იყო პროექტში ჩასმული მილების ჩაწყობა, წელს ჭაბურღილი გავაკეთეთ, მომავალში 20-ტონიანი ავზისა და მისი დასადგმელის შეძენაა გათვალისწინებული. პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო შესრულებულია _ წელს გავაკეთეთ ჭაბურღილი, მომავალში, როცა დაიდგმება წყლის 20-ტონიანი ავზი, წყალს კიდევ ბევრი ოჯახი მიიღებს. 20-ტონიანი ავზის შეძენა 15 000 ლარი ჯდებოდა და ამხელა თანხა არ იყო სოფლის პროგრამით გათვალისწინებული. ახლა წყალი მხოლოდ 5 ოჯახს უნდა ეყოს. მომავალში ყველაფერი კარგად იქნება, ასე უცებ ხომ არ შეიძლება სოფლის მცხოვრებლების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს?! რა პრეტენზიები აქვთ, ვერ ვხვდები. გადათხრილი კი არის ეს ქუჩა, მაგრამ ტრაქტორს რაც შეეძლო, გააკეთა და ხომ შეიძლება, მოსახლეობამ თავისი ხელით გაასწოროს?! ეტყობა, ზევით უნდა მოსახლეობას წყლის გამოყვანა და იმიტომ მოგმართეს პრეტენზიით… ასეა არა? არ გვაქვს მათთვის მილები გათვალისწინებული, მომავალში თუ ჩავსვამთ პროგრამაში, მაშინ მათაც ექნებათ.
ზურაბ ჭანუყვაძე, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი: _ სამუშაოები შესრულდა გასული წლის პროექტის მიხედვით, დანარჩენი მომავალ წელს გაკეთდება. არაფერი არ არის საპრეტენზიო. წყლის გაყვანისთვის, როგორც მე მახსოვს, 1 500 ლარი იყო პროექტით გათვალისწინებული, ჭაბურღილისთვის კი _ 3 000 ლარი.
_ წყალი ჯერ არ მოგვეწოდება, რადგან სამუშაოები დასასრულებელია, რაც იმას ნიშნავს, დასამონტაჟებელია ავზი და ელექტრომრიცხველი; ამის შემდეგ კი პროექტით გათვალისწინებულ ყველა ოჯახს გვექნება წყალი. რაც შეეხება წყლის პრობლემას, ეს პრობლემა იდგა ათეული წლის განმავლობაში, რომლის გადაჭრა არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ მოხერხდა. სულ ვითხოვდით და წინასაარჩევნო დაპირება იყო მუდამ, რომ წყალი გაგვიკეთდებოდა, რაც, რა თქმა უნდა, არ სრულდებოდა. წინა წელს კვლავ დაისახა ერთ-ერთ პრიორიტეტად წყლის პრობლემის გადაჭრა და ეს 40-მა ოჯახმა დაასახელა. შედგა ხარჯთაღრიცხვა. ხელშეკრულებით სექტემბერში უკვე უნდა გახორციელებულიყო, თუმცა, ვიცოდით, რომ იმ ფულით ეს პრობლემა სრულყოფილად ვერ მოგვარდებოდა, მთავარი იყო, რომ დაწყებულიყო. გავიდა სექტემბერი, დანაპირები კვლავ არ შესრულდა, ჩავერთეთ უშუალოდ მოსახლეობა და დავიწყეთ მოკვლევა, სად წავიდა ამ სამუშაოსთვის გამოყოფილი თანხა და რატომ არ შესრულდა დანაპირები. საუბარია 2012 წელზე. წყლის რეაბილიტაცია დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ამის მოგვარებას, მინიმუმ, სამი წელი მაინც სჭირდება. შევთავაზეთ ხელისუფლებას, რომ ადგილობრივი მუშახელი იმუშავებდა. 2012 წლის დეკემბერში დავიწყეთ მოკვლევა. კატეგორიულად მოვითხოვეთ, რომ თუ კი ხელისუფლება არ შეასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროექტს, მაშინ ჩვენ, მოსახლეობა, მივმართავდით კომპეტენტურ ორგანოებს სარჩელით, რომელიც გამოიკვლევდა ამ პროექტის ხარჯებს. ამის შემდეგ გვიყიდეს ის მილები, ასე იძულებით შეგვიძინეს. წელს, პროექტის ფარგლებში, ჩატარდა არტეზიული ჭის მოწყობის სამუშაოები და დაიწყო მილების ჩალაგება, მომავალ წელს კი გაგრძელდება პროექტი, როგორც გითხარით, ჩვენი უბნისთვის გამოყოფილი ფინანსებით მოხდება ავზის შეძენა და მრიცხველის დამონტაჟება. აი, ამის შემდეგ გვექნება წყალი ყველა ოჯახს, რა თქმა უნდა, ჩვენს უბანში მცხოვრებლებს ვგულისხმობ. მე ვერ გეტყვით, ვინ რას ამბობს და ვინ არის ამით უკმაყოფილო, ან რა მიზეზებით, ან რა ქვეტექსტი იგულისხმება მისი მხრიდან, როცა ამას ფარულად აცხადებს, რადგან არ გვახსოვს, კრებაზე დამსწრეთაგან ვინმეს ეგ ხმამაღლა გაეპროტესტებინოს. თუ ასე იყო, შესაბამისი შეკრების ოქმშიც უნდა დაფიქსირებულიყო. ის მითხრას ამ ადამიანმა, რომელსაც გამოჩენის ეშინია, თუ სმენია ასეთი მინიმალური თანხით ასეთი მასშტაბური, ჩვენი უბნისთვის პრიორიტეტული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა მომხდარიყოს, _ აცხადებენ სოფელ მაკვანეთის ის მცხოვრებლები, რომელთათვისაც წყლის პრობლემა წელს გადაიჭრა.