გიორგი ლაღიძის განცხადებით, ის წინასაარჩევნო რეჟიმში გადადის და მოსახლეობასთან ინტენსიურ შეხვედრებს აგრძელებს.
“პარტია “მომავალი საქართველო” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ჩვენ ბევრ რაიონში გვეყოლება ღირსეული კანდიდატი. არასაარჩევნო რეჟიმის დროსაც ჩვენ ყოველდღიურად ვეცნობით დედაქალაქის მოსახლეობის პრობლემებს, გვაქვს მათთან დიალოგი და ერთად ვცდილობთ გამოსავალის მოძებნას. ჩვენ არ ვართ იმ პოლიტიკური სუბიექტებივით, რომლებსაც მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ მოსახლეობა და ხმებისთვის ცდილობენ მათი გულების მონადირებას”.
მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ადამიანების უფლებების დაცვა და მათი უკეთესი მომავლისთვის ზრუნვა უნდა იყოს ყველა პოლიტიკოსის, ყველა პარტიის ყოველდღიური საზრუნავი. ლაღიძე ამბობს, რომ ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით პარტიაში შეიქმნა იურიდიული დეპარტამენტი.
“პარტიაში შეიქმნა იურიდიული დეპარტამენტი, რომელიც უსაფოდ მოემსახურება გაჭირვებულ მოქალაქეებს, დაიცავს მათ ინტერესებს. ჩვენ მზად ვართ ყველა იმ ადამიანს დავუდგეთ გვერდით, რომელიც დახმარებისთვის მოგვმართავს”.
პარტიის ლიდერი საარჩევნო კანონმდებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ საარჩევნო კოდექსი დახვეწას საჭიროებს.
“სულ რამდენიმე თვე დარჩა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და იმედი მაქვს მთავრობა გადახედავს ამ კოდექსს და შეიტანს აუცილებელ ცვლილებებს. არის მთელი რიგი საკითხები, რომელთა ყურადღების მიღმა დატოვება დანაშაულია”.