“ორგანიზაციამ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაში შემავალ ტელეკომპანიებში ჩაატარა გამოკითხვა, თუ ვის თვლიდნენ წლის ყველაზე საჯარო და გამჭვირვალე სახელმწიფო უწყებად. სწორედ ამ გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელთანაც მთელი წლის განმავლობაში როგორც ჩვენს ასოციაციას, ისე რეგიონულ მაუწყებლებს ყველაზე მჭიდრო და გახსნილი ურთიერთობა გვქონდა,” _ განაცხადა დაჯილდოების ცერემონიალზე რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია კუპრაშვილმა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის წელს უკვე მეორე ჯილდოა, რომელიც უწყებას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის გადაეცა. 2013 წლის სექტემბერში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სამინისტრო ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე უწყებად დაასახელა და ჯილდო “2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის” გადასცა.
“დიდი პატივია, რომ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის გამოკითხვით ეს ტიტული სწორედ ჩვენ გვერგო. 2013 წლის დასაწყისში ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ უწყების გამჭვირვალობა და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულება დავისახეთ მიზნად. სამოქალაქო და მედია სექტორის ეს აღიარება ნათლად ადასტურებს, რომ სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე დახურული უწყებიდან ერთ-ერთ ყველაზე ღია და გამჭვირვალე დაწესებულებად ჩამოყალიბდა, რაც, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია,” _ განაცხადა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მაგდა პოპიაშვილმა.
დაჯილდოების ცერემონიალი დღეს, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით, “ფრონტლაინ კლუბში” გაიმართა.