აღნიშნულ ნოტებს და თანდართულ დოკუმენტაციას ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობის სახელით, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ტოშიო კაიტანიმ.
ცერამონიას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე დაესწრო.
“აღნიშნული თანხა მოხმარდება გარემოსდაცვით ღონისძიებებს საქართველოში. მნიშვნელოვანი აპარატურით აღიჭურვება ლაბორატორიები, რომლებიც ატმოსფერული ჰაერის სისუფთავეზე იზრუნებენ. ვფიქრობ, საინტერესო შეთანხმებაა და იმედი მაქვს, რომ იაპონიის მთავრობა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას,” – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
“გრანტი მოხმარდება საქართველოსთვის ძალიან მნიშნელოვანი აპარატურისა და აღჭურვილობის შეძენას, რომელიც გადამწყვეტია სწორი ინფორმაციის მისაღებად. ტექნიკა სამი მიმართულებით იქნება შეძენლი: ბუნებრივი კატასტროფები, მეორე – სამრეწველო ავარიების პრევენცია და მათზე რეაგირება და ჰაერის ხარისხის მონიტორინგი თბილისში,” – განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ.
“იაპონია მოხარულია, რომ მხარს უჭერს საქართველოს. აღნიშნული საგრანტო შეთანხმება საქართველოს შესაბამის ორგანოებს საშუალებას მისცემს გააძლიეროს საქმიანობა გარემოსდაცვითი მიმართულებით. თანხა საჭირო აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება. ასეთი შეთანხმებები ადასტურებს რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები,” – განაცხადა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ტოშიო კაიტანიმ.
არასაპროექტო გრანტი გამოიყენება საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის, კერძოდ, ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების გასაუმჯობესებლად დაკვირვების სადგურების ავტომატური აღჭურვილობით განახლებისათვის; ბუნებრივი და ანთროპოგენული კატასტროფების რისკის განსაზღვრისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობის და ტექნიკის (ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების პარამეტრებზე დაკვირვების აპარატურა, ასევე წყლის ხარისხისა და ნიადაგის გამოსაკვლევი აპარატურა) შესაძენისათვის.
აღნიშნული საგრანტო დახმარება იაპონიის არასაპროექტო საგრანტო პროგრამის ფარგლებში რიგით მეშვიდეა. იაპონიის მთავრობის მიერ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 1997-2010 წლებში საქართველოსთვის გამოყოფილი იქნა 3,58 მილიარდი იაპონური იენი, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სექტორისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მხარდასაჭერის მიზნით.