ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მან შეძლო დაერწმუნებინა სტუმარი, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება შეინიშნება.
“მე, პირადად, გავაკეთე აქცენტები იმაზე, რომ 2012 წლის არჩევნების შემდგომ, ჩვენი ხელისუფლების მოღვაწეობა უფრო თანამიმდევრული გახლდათ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. აქცენტი გავაკეთე იმაზე, რომ გაცილებით უკეთესი იქნება და ტიპიურად ევროპული საპრეზიდენტო არჩევნები, ეს იქნება ბოლო წერტილი იმისათვის, რომ ნატოს წევრი ქვეყნები საბოლოოდ დარწმუნდნენ და დაინახონ ახალი ხელისუფლების რეალური სახე, რაც ნატოში ჩვენს წინსვლას გააიოლებს.
გარდა ამისა, ჩვენ შევეხეთ რუსეთთან ურთიერთობას; წარმატებული სავაჭრო ურთიერთობები მისასალმებელია, შემაშფოთებელი ის, რაც ხდება საზღვრებთან, სადაც მავთულხლართების გადმოწევა ზოგ ადგილზე მოხერხდა 300 მეტრითაც კი. დღემდე ვერ ამიხსნია და გენერალურ მდივანთანაც გამოვთქვი გაურკვევლობა ამასთან დაკავშირებით, რაც არ ჯდება არანაირი კონტექსტში და თვითონ რუსეთსაც არ უქმნის პლუსებს და დამატებით კითხვებს ბადებს. ჩვენ დავარწმუნეთ გენერალური მდივანი, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის, რათა ამან არ შეუშალოს ხელი ჩვენს ნატოში გაერთიანებას,” _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.