ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის წინ, მედიასახლ "გურია ნიუსის“ ინტერნეტ ტელევიზიის გადაცემა "კვირის თემაში“ ყველა კანდიდატს მიეცა საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების საშუალება. მათ შორის იყო "პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი შოთა გოგიბერიძე, რომელმაც "პატრიოტთა ალიანს“ მას შემდეგ მიაშურა, რაც "ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატად დასახელებაზე უარი უთხრა.
მიუხედავად იმისა, რომ გოგიბერიძის შტაბის წევრები, "გურია ნიუსის“ მისამართით სოციალურ ქსელში ბევრ უმსგავსობას წერდნენ (მერე კი ამბობდნენ, რომ ფეისბუქი დარჩათ ჩართული და ის სიტყვები მათ არ ეკუთვნოდათ?!) ჩვენ მედიასახლს ერთი წუთითაც არ უფიქრია, რომ გოგიბერიძისთვის ტრიბუნა არ დაეთმო.
ასე გაგრძელდა მეორე ტურშიც და შესაბამისად, გოგიბერიძე დებატებში დავპატიჟეთ.
„პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა ჩვენი მოწვევა "მოუცლელობის“ მიზეზით არ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ გოგიბერიძეს დებატების დანიშვნა მისთვის სასურველ დროს შევთავაზეთ.
_ სამწუხაროდ, ვერ მივიცლი, _ ასეთი იყო გოგიბერიძის პასუხი.
თუმცა, "მოუცლელ“ კანდიდატს, როგორც ჩანს ფეისბუქში ვრცელი სტატუსების საწერად და "გურია ნიუსის“ საკრიტიკოდ სცალია.
„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მინდა შევეხო "გურია ნიუსში" დაბეჭდილ სტატიას, იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩემი კონკურენტი, ექსპერტების ანალიტიკური შეფასებით, (ამ არგუმენტით) ამყარებს მოსახლეობაში აზრს, თითქოს ჩემი დაპირებები არარეალისტურია და შეუსრულებადი“ _ ასე იწყება გოგიბერიძის გამოხმაურება წერილზე, რომელსაც მისი "მრავალპარტიული“ მხარდამჭერების კომენტარები მოსდევს პათოსით: "დევნიან, შავ პიარს უგორებენ, იციან რომ იმარჯვებს და ყველაფერს აკეთებენ, მოსყიდული ჟურნალისტების არ უნდა შეეშინდეს“ და ა.შ.
ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, ფეისბუქში წერის ნაცვლად, გოგიბერიძე დებატებში მოსულიყო და იქ ეთქვა მთავარი სათქმელი. "მოსყიდულ ჟურნალისტებზეც ესაუბრა“ და რამდენიმე წლის წინ, საჯარო სამსახურიდან წამოსვლის რეალურ მიზეზზეც.
აღსანიშნავია, რომ ამ კითხვებზე პასუხის მიღება "გურია ნიუსმა“ ჯერ კიდევ 24 აპრილს, მაშინ სცადა, როცა "ქართულ ოცნებას“ ბეგლარ სიორიძე კანდიდატად დასახელებული არ ჰყავდა.
შეკითხვებმა, რომლებიც გოგიბერიძის წარსულს ეხებოდა, მერობის კანდიდატი "ხარხარის“ ხასიათზე დააყენა (იხილეთ სტატია).
ინტერვიუში, რომელმაც გოგიბერიძე "აახარხარა“ ბევრი დეტალი დარჩა გაუშლელი. სწორედ ამის გამო ვთხოვეთ გოგიბერიძეს სტუდიაში სტუმრობა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, თუმცა, როგორც წერილის დასაწყისში ავღნიშნე, უშედეგოდ. მან უშუალოდ ჩვენს გადაცემაში სტუმრობაზე თქვა უარი. არადა, მკითხველი და მაყურებელი დამეთანხმება, რომ საინტერესო იქნებოდა… იმაზე გაცილებით საინტერესო, ვიდრე ფეისბუქში წერა და გამოცემის ობიექტურობის ეჭქვეშ დაყენება. ასე გაცილებით ნაკლები შეკითხვა მექნებოდა კანდიდატთან, რომელსაც აქვს ამბიცია, იყოს ქალაქის მერი!
და ბოლოს! ჩვენი შეთავაზება ისევ ძალაშია. ისევ გეპატიჟებით ბატონო შოთა სტუდიაში. არა მარტო თქვენ, თქვენს მხარდამჭერებსაც, თქვენს წარსულზე, აწყმოზე, მომავალზე და "მოსყიდულ ჟურნალისტებზე“ სასაუბროდ!!! იქნებ ერთად "გვეხარხარა" და მაყურებელიც "აგვეხარხარებინა“!