ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. გამონაკლისი მხოლოდ დაბის ბაღები იქნება, სადაც ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს:
_ დაბის სამივე ბაღში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები უკვე დასრულებულია, თუმცა, სრული რეაბილიტაციისთვის ეს საკმარისი არ არის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება და დამატებით გამოვყავით 27 ათასი ლარი, რადგან სამუშაოები სრულყოფილად ჩატარდეს. მაგალითად, #1 ბაგა-ბაღში, თავდაპირველი პროექტით, ერთ-ერთ ოთახში მხოლოდ სამი კედლის გაკეთება იყო ჩასმული. როცა მივედით და ვნახეთ, ეს გამოვასწორეთ. ასე იქნება დაბის სხვა ბაღებშიც. სამივე მათგანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. იმ თანხით, რაც ჩვენ დამატებით გამოვყავით, კანალიზაცია და ელექტროგაყვანილობაც გამოიცვლება, რომელიც ასევე არ იყო პირვანდელ პროექტში გათვალისწინებული, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურის გამგებელმა, ირაკლი კუჭავამ. მისივე თქმით, დაბის ბაღების სრული რეაბილიტაცია ამ თვეში დასრულდება და სწავლა, სავარაუდოდ, პირველ ოქტომბერს დაიწყება.