საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ყოფილი პოლიციელი, გიორგი გამსახურდია გამოცდების ეროვნულ ცენტრში მუშაობს.
ამის შესახებ ინფორმაცია, დღეს, საინფორმაციო სააგენტო opinion.ge_ მ გაავრცელა.
"გურია ნიუსი“ ინფორმაციის დასადასტურებლად ცენტრის მედიასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული დაადასტურეს.
მათი ინფორმაციით, გიორგი გამსახურდია ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის მრჩეველია უსაფრთხოების საკითხებში. თუმცა, კონკრეტულად რა ფუნქცია-მოვალეობები აკისრია მას და რატომ არის ეს სამსახური ცენტრისთვის აუცილებელი, ვერ აკონკრეტებენ.
"ვადასტურებთ, რომ გიორგი გამსახურდია ნამდვილად მუშაობს ჩვენს ცენტრში. ის ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის მრჩეველია უსაფრთხოების საკითხებში. კონკრეტულად რა ფუნქცია აქვს მას, არ ვიცი, ეს დეტალებია და გარკვევის გარეშე ვერ გეტყვით. ვიცი, რომ გამსახურდია ცენტრში რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. ვერც იმას გეტყვით, არის თუ არა ის ე.წ. ოდეერის (უშიშროების) თანამშრომელი. ამის შესახებ არაფერი ვიცი“, _ აცხადებს გაბუნია.
"გურია ნიუსი“ გიორგი გამსახურდიასთან და მაია მიმინოშვილთან დაკავშირებასაც ეცადა, თუმცა, ისინი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
აღსანიშნავია ის, რომ განათლების და მეცნიერების მინისტრს მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში არ ჰყავს. როგორც პრესსამსახურში ამბობენ, სამინისტროს მსგავსი თანამდებობა არ აქვს.
"მინისტრს მხოლოდ ორი მრჩეველი ჰყავს, შტატგარეშე მრჩეველია ოთო აბესაძე ახალგაზრდულ საკითხებში და შტატიანი თანამშრომელია რამაზ საყვარელიძე, ფსიქოლოგი, განათლების ექსპერტი, განათლების საკითხებში. სხვა მრჩეველი მას არ ჰყავს“, – აცხადებს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ნათია პაპავა.