ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ბიბლიოთეკა გაიხსნა. „გურია ნიუსის“ საქველმოქმედო ფონდის ინიციატივით, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ სოფელ სურებს 500 ცალი წიგნი გადასცა, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ კი _ კომპიუტერი.
ბიბლიოთეკის გახსნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავჯდომარე ზვიად მამალაძე, სოფელ სურების მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ სოროზანიშვილი, ჩოხატაურის გამგებლის მოადგილე მინდია ჟღერია, ეროვნული ბიბლიოთეკის თავმჯდომარის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი და ჩოხატაურის საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელი მაია მელუა დაესწრნენ.
_ სურები წლების განმავლობაში იყო ხელისუფლებისგან მიტოვებული. უამრავი პრობლემა აქ ცხოვრებას აძნელებდა. ამიტომ, ბევრი ოჯახი წავიდა სოფლიდან. ბოლო პერიოდში, სოფელს უფრო მეტი ყურადღება ექცევა და იმედი გვაქვს, რომ ეს მომავალშიც გაგრძელდება. ბიბლიოთეკის გახსნა ამ სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იყო შემთხვევები, როცა სურების სკოლის მოსწავლეები, წიგნებისთვის ჩოხატაურში მიდიოდნენ, 33 კილომეტრს გადიოდნენ, უმეტეს გზას _ ფეხით, იმისთვის, რომ ესწავლათ. ბიბლიოთეკის აღდგენა ძალიან კარგი და საშვილიშვილო საქმეა და ამისთვის ყველა იმ ადამიანს გვინდა ვუთხრათ მადლობა, რომლებმაც ამ კეთილშობილურ და სამომავლო საქმეში წვლილი შეიტანეს, _ აღნიშნეს სურებლებმა.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ბიბლიოთეკა ერთგვარი ცენტრი გახდება ახალგაზრდებისთვის:
_ გამგეობამ მოგვცა პირობა, რომ შეიძენენ ტელევიზორს, ანტენას, ასევე, იქნება ინტერნეტიც და, შესაბამისად, აქ მოეწყობა ახალგაზრდული ცენტრი. ცენტრით სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, _ აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძემ.
ამავე შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა სხვა სოფლებშიც გეგმავს ბიბლიოთეკის აღდგენას, რომელშიც თავის წვლილს ეროვნული ბიბლიოთეკაც შეიტანს:
_ ეს ჩვენი მოვალეობაა და მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება მენახა ეს ულამაზესი სოფელი და ბიბლიოთეკის გახსნაში მიმეღო მონაწილეობა. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყველანაირად დავეხმარებით სარაიონო და სოფლის ბიბლიოთეკებს იმისთვის, რომ უფრო მეტად განვითარდნენ და განახორციელონ სხვადასხვა აქტივობები, _ აღნიშნა მირიან ხოსიტაშვილმა. რომლის თქმით, ამ დღეებში 200-მდე წიგნს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების ბიბლიოთეკასაც გადასცემენ.