ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თქმით ალასანიამ თავისი განცხადებით პოლიტიკური შეცდომა დაუშვა:
_ თავდაცვის მინისტრი თბილისში არ იმყოფებოდა, რაც გახდა საბაბი, რომ დაპატიმრებას დაარქვეს პოლიტიკური, შემდგომ იყო ახალი განცხადება პროკურატურის მხრიდან მოწამვლასთან დაკავშირებით. თუმცა სანამ ეს მოხდებოდა ალასანიამ განცხადება გააკეთა და პრაქტიკულად პროკურატურას დაუპირისპირდა. ეს იყო ჩემი აზრით, შეცდომა ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსის მხრიდან, როგორიც ირაკლი ალასანიაა. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში სწორი იქნებოდა მაქსიმალურად მიეცა საშუალება პროკურატურისთვის გამოძიების ჩატარების და ხელი შეეწყო. ამას დაუდეს პოლიტიკური სარჩული. არავითარი საფუძველი არ არსებობდა იმ განცხადებების, რომელიც გაკეთდა. პირიქით ჩანს, რომ ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული არ აქვს. რა პრობლემა იქნებოდა, რომ ის პოლიტიკოსი, ვინც გეგმავს ამას, პრემიერზე აქვთ ეჭვები თუ ვისზე, დალოდებოდა მინისტრის ჩამოსვლას. სწორედ ის, რომ პროკურატურამ თანამშრომლები შეიძლება პოლიტიკურად არაკორექტულ დროს დააკავა, მაგრამ უფლებამოსილებისთვის არ გადაუჭარბებია და კანონი არ დაურღვევია, აჩვენებს ჩემი აზრით, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული არ აქვს. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ ჩვენს სახელმწიფოში არსებობს პროკურატურა, კანონი ყველაზე ვრცელდება და კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა ვიყოთ. როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" მართავდა ქვეყანას, იყო ერთი დიდი კუნძული, მათი სახით, რომელზეც არ ვრცელდებოდა კანონი და ჩვენ ახლა პატარ-პატარა კუნძულებს ვერ შევქმნით _ განაცხადა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ივანიშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია რა ხელშეკრულებაზე მოაწერა ხელი ალასანიამ საფრანგეთში:
_ არავინ ამაზე განცხადებას არ აკეთებს, თუ ეს საიდუმლო იყო, როგორ იცოდა ეს პოლიტიკურმა გუნდმა და რა შუაშია "თავისუფალი დემოკრატები". ეს ახალი თემაა და არ მინდა, ამაზე აქცენტი გავაკეთო. პროკურატურას ჰქონდა უფლება იმ ქმედებების, რაც განახორციელა და რამდენად კანონიერად მოიქცა პროკურატურა, ამაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. გამოძიება იქნება გამჭვირვალე და საბოლოო სიტყვას სასამართლო იტყვის. როდესაც მივედი უმრავლესობასთან შეხვედრაზე, ვცდილობდი ალასანიასთვის დამესვა შეკითხვები, ეს მაშინ არ მოხერხდა, მერე შევეცადე პოლიტსაბჭოს შეხვედრაზე დამესვა შეკითხვა – იქაც პასუხი ვერ მივიღე, _ განაცხადა ივანიშვილმა.