ნატო-ს ინფორმაციით, რუსული სამხედრო შენაერთები უკრაინაში შედიან. ამ საკითხზე ოფიციალური მოსკოვი, ჯერჯერობით, არანაირ კომენტარს არ აკეთებს.
რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონები, პირველ რიგში, ტანკები, არტილერია და ცოცხალი სამხედრო ძალა დააფიქსირა ნატო-ს წარმომადგენლებმა უკრაინის აღმოსავლეთში.
როგორც ჟურნალისტებს ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული სამხედრო ძალების ხელმძღვანელმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა უთხრა, ალიანსი, ჯერჯერობით, არ ფლობს ინფორმაციას, თუ კონკრეტულად, რამდენი ტექნიკა და ცოცხალი ძალაა მობილიზებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში.
გენერალმა ბრიდლავმა აღნიშნა, აგრეთვე, რომ გაიზარდა იმ რუსი სამხედროების რიცხვი, რომლებიც ავარჯიშებენ სეპარატისტებს თვითგამოცხადებულ დოენცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში.
აქამდე რუსეთი კატეგორიულად უარყოფდა, რომ მისი ჯარები უკრაინის აღმოსავლეთში იმყოფებოდნენ, დღეს კი უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სტეპან პოლტორაკმა განაცხადა, რომ რუსეთის არმია იცვლის დისლოკაციის ადგილს და საომარი მოქმედებებისთვის ემზადება. მოსკოვი, ამ ინფორმაციაზე, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებს.