გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია სოფელ მთისპირისა და ასკანის მოსახლეობას შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მთისპირის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ასევე მოინახულეს გარემონტებული ამბულატორია და სოფელ ასკანაში წყლის სისტემის მოსაწყობად მიმდინარე სამუშაო პროცესი.
სოფელ მთისპირის ამბულატორიისა და საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. გარემონტებული ამბულატორია შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობით მოეწყო. საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია კი ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს. რემონტდება, როგორც შიდა, ასევე გარე ფასადი.
რაც შეეხება სოფელ ასკანას, აქ წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ ასკანელებს შეეძლებათ, რომ გაფილტრული, სისტემის სასმელი წყალი მიიღონ. სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა და მილიონ ორასიათასი ლარი დაჯდა.
გიორგი ჩხაიძემ და მერაბ ჭანუყვაძემ სოფელ ნატანებში გზის აღდგენითი სამუშაოები მოინახულეს. ერთკილომეტრიანი ბეტონის გზა ადგილობრივებს ციტრუსის რეალიზაციისა და გატანის საკითხს გაუადვილებს. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.
"ვცდილობთ, რომ მოსახლეობის მოთხოვნები ეტაპობრივად დავაკმაყოფილოდ. ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რაც სოფელ მთისპირისა და ასკანის მოსახლეობას აწუხებდა წყალია. პრობლემა რეგიონული ფონდის დახმარებით გადაიჭრა. ადგილობრივებს წყალი უკვე წლის ბოლოს სახლებში შეყვანილი ექნებათ. რაც შეეხება სოფელ ნატანებს , აქ ბეტონის გზას ვაგებთ, რომ მოსახლეობამ ციტრუსი ადვილად გაიტანოს“ _ აღნიშნა გურიის გუბერნატორმა, გიორგი ჩხაიძემ.