როგორც ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები ცხადყოფენ, რუსეთი აშკარა აგრესიაზე გადავიდა არა მარტო უკრაინის, არამედ მთელი ევროპის წინააღმდეგ.
გასულ კვირაში, ლონდონმა გამოაქვეყნა რუსული ბომბდამშენების ფოტო, რომლებმაც ბრიტანეთის საჰაერო სოვრცე დაარღვიეს.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დემონსტრირებულ ფოტოებზე აღბეჭდილია რუსული ბომბდამშენები "ტუ 95", რომლებიც გაერთიანებული სამეფოს საჰაერო სივრცეში მანევრირებენ.
ბრიტანეთის სამხედრო უწყებამ ამ ფოტოების გამოქვეყნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გამანადგურებლები _ Eurofighter Typhoon უკვე მერამდენეჯერ აფრინდნენ ჰაერში განგაშის შემდეგ "რუსული დათვის" შესაჩერებლად_ ნატო-ს ტერმინოლოგიით, "რუსული დათვი" "ტუ 95"-ს ნიშნავს.
რამდენიმე დღით ადრე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს ჯარებმა 100-ჯერ შეაჩერეს რუსული თვითმფრინავები, რომლებიც ალიანსის წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ.
13 ნოემბერს, ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ჰოლანდიურმა ავიაგამანადგურებლებმა გზა გადაუღობეს რუსულ სამხედრო თვითმფრინავს:
"ორმა ჰოლანდიურმა გამანადგურებელმა _ F16, რომლებიც ნატო-ს საპატრულო სამხედრო ძალების შემადგენლობაში აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს ბალტიის რეგიონში, გზა გადაუღობეს რუსულ სამხედრო-სამგზავრო თვითმფრინავს.
მანამდე რუსულმა თვითმფრინავმა დაარღვია ესტონეთის და ლიტვის საჰაერო სივრცე, ჩვენი გამანადგურებლების გამოჩენის შემდეგ კი კალინინგრადის მიმართულებით გაფრინდა", _ ნათქვამია ჰოლანდიური უწყების განცხადებაში.
გარდა ამისა, ნატო ამტკიცებს, რომ რუსული საჰაერო ძალების აქტივობა მეტად გაძლიერებულია _ ალიანსის ძალებმა 28-29 ოქტომბერს შეამჩნიეს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების ოთხი ჯგუფი, რომლებიც მანევრირებდნენ ბალტიის, ჩრდილოეთის, შავი ზღვების და, რამდენადაც საკვირველი არ უნდა იყოს, ატლანტიკის ოკეანის თავზე.
დღეს, 14 ოქტომბერს, უკვე შვეციის სამხედრო ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სკანდინავიის ნახევარკუნძულის მიმდებარე წყლებში შეამჩნიეს რუსული სამხედრო წყალქვეშა ნავი _ იგი შევიდა შვეციის აკვატორიაში და ამ ქვეყნის სამხედრო ძალების რეაქციის შემდეგ გაუჩინარდა.
რუსეთის თავდაცვის სამინიტრო ამ ფაქტებს კატეგორიულად უარყოფს.