საპარლამენტო უმცირესობა ვიცე- სპიკერ მანანა კობახიძეს ბრალს პროცედურულ კორუფციაში სდებს.
აღნიშნული ქმედება უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას გამოსვლას მოჰყვა, რომელიც როგორც ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, გამომსვლელთა სიაში არ ეწერა. თუმცა, განცხადების გაკეთების უფლება მაინც მიიღო, მან აღნიშნულზე პასუხი მანანა კობახიძეს მოსთხოვა.
"ვუდასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემას, ბატონ ნუკრი ქანთარიას, მაგრამ ქალბატონო მანანა ეგებ თქვენ მითხრათ, როგორ მოხვდა ბატონი ნუკრი გამომსვლელთა სიაში, ჩემს შემდეგ უნდა გამოსულიყო გიგი წერეთელი", _ აღნიშნა უმცირესობის დეპუტატმა.
აღნიშნულზე კობახიძემ განაცხადა, რომ ნუკრი ქანთარია პროცედურების სრული დაცვით მოხვდა გამომსვლელთა სიაში. ამის შემდეგ ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, მანანა კობახიძეს ბრალი პროცედურულ კორუფციაში დასდეს.
აღნიშნულ ფაქტს, ვიცე- სპიკერის მიერ პოლიტიკური განცხადებების შეწყვეტა და კანონპროექტის განხილვის დაწყება მოჰყვა, რასაც ნაცმოძრაობის დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად დარბაზში, მაგიდებზე ბრახუნით უპასუხეს. ხმაურმა კანონპროექტის განხილვა დროებით ჩააგდო, ხოლო სხდომის წამყვანმა მანდატურებს, წესრიგის დამრღვევი დეპუტატების გარეთ გაყვანა მოსთხოვა.
"შეწყვიტეთ ბრახუნი, მანდატურებს ვთხოვ დაატოვებინონ დარბაზი ადამიანებს, ვინც აბრახუნებს დარბაზში", _ განაცხადა მანანა კობახიძემ.