დღეს, საყდრისის გადარჩენი კომიტეტის წევრებმა, კულტურის სამინისტროსთან აქცია გამართეს. ისინი მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა, როგორც მათ სამინისტროში განუცხადეს, გიორგაძე სადგილზე არ იმყოფებოდა, რის გამოც შეხვედრა ვერ შედგებოდა.
მოგვიანებით კი სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის" წევრთა პროტესტს საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთან დაკავშირებით.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მზადაა შეხვდეს ყველა კომპეტენტური ორგანიზაციის წარმომადგენელს და მათთან ერთად განიხილოს თემა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საკითხმა რამდენიმე თვეა სამართლებრივ ჭრილში გადაინაცვლა და საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს, ამ ეტაპზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოზიციის დაფიქსირება შესაძლებელია ჩაითვალოს სასამართლოზე ზეწოლად. ამიტომ, უწყება თავს იკავებს საკითხის წინასწარი კომენტირებისგან."– ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.