სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველო, რუსეთის ფედერაციისგან აფხაზეთის ანექსიის შეწყვეტას ითხოს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ხელს სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოს თავმჯდომარე, მირთაღი ასადოვი აწერს.
განცხადებას "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"მპატიებელი და მოწყალე ალაჰის სახელით, შუამავალი ჰაზრეთი მუჰამედი: "სამშობლოს სიყვარული რწმენაზეა დამოკიდებული"
პატივცემულო თანამოქალაქენო!
როგორც ცნობილია, რუსეთის სახელმწიფომ ჩვენი განუყოფელი ნაწილის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. რუსეთმა ასეთი „სტრატეგიული ხელშეკრულებებით" წარსულში მეზობელი ქვეყნების ოკუპაცია და ანექსია გვაჩვენა. რამდენიმე დღის წინ რუსეთის სახელმწიფოს მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა ძალიან შეგვაშფოთა და შეგვაწუხა.
ჩვენ, როგორც სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველო, კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის მხრიდან ასეთ ქმედებებს და მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ოკუპაცია და ანექსია.
მოვუწოდებთ რუსეთის ოფიციალურ პირებს, კავკასიური მიწების ოკუპირება და ანექსია კი არ განაგრძოს, არამედ კავკასიისა და რუსეთის ხალხთაშორის მეგობრული ურთერთობების დასამყარებლად მონახოს გზები. გვინდა გავაფრთხილოთ, რომ ასეთი ქმედებები რუსეთის სახელმწიფოსთვის სიკეთეს არ მოიტანს, იმიჯს შელახავს და ძალიან ცუდად შემოუბრუნდება. ასევე, მოუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, არცერთ ოკუპანტი და დამპყრობელი ქვეყანა დაუსჯელი არ დატოვოს.
საქართველოში მცხოვრები ყველა კონფესიის ადამიანს, ოკუპაციისა და ანექსიის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოვუწოდებთ.
საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველო ამ მხრივ სიტყვას ვადებთ, ამ გზაზე ბრძოლას გავაგრძელებთ!" – ნათქვმია გავრცელებულ განცხადებაში.