ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მომავალი წლიდან, ხელფასების მატებას უნდა ველოდოთ.
საკრებულოს ბოლო სხდომაზე საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ დადგენილების მისაღებად, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
ფრაქცია “მაჟორიტარების“ წევრმა, გოგი მორჩილაძემ, ამ საკითხის გამოტანა გააპროტესტა:
"იმედია ხელფასების კლებაზეა საუბარი. თუ მატებაა, რა ნამუსით უნდა მოითხოვოდე, როცა საბავშვო ბაღების თანამშრომლებს 30-40 ლარით უზრდით ხელფასს, თქვენ კი 500 ლარით იზრდით. თქვენ არ იყავით აგერ ახლა სადეპუტატო უფლებამოსილების თანხა რომ მოიხსენით და ქამრების მოჭერა მოიყვანეთ მიზეზად. თუ არ გინდოდათ იმ თანხის მოკლება და „ზემოდან“ დაგავალეს? ახლა რა, ისევ ცდილობთ ის ფული დაიბრუნოთ?!"
უმრავლესობა ოპონენტი კოლეგის მოსაზრებამ გააღიზიანა. განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე, რომელმაც მორჩილაძე პიარზე გათვლილ დემაგოგიაში დაადანაშაულა.
დეპუტატმა ჯუმბერ ბლაგიძემ, რიგითი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების თანხის გაზრდაც მოითხოვა.
"რა დააშავეს რიგითმა დეპუტატებმა, თუ მატებაა მათაც გაეზარდოს 100 ლარით სადეპუტატო თანხა, ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება".
ცნობისათვის, დღესდღეობით ლანჩხუთის საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების ხელფასი 1350 ლარია , რასაც სატელეფონო ხარჯი-40 ლარი და ბენზინის ხარჯი-100 ლიტრი ემატება.