რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ შექმნილი ლიტველების ფეისბუქ ჯგუფი, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არ გახდნენ კრემლის პროპაგანდის ნაწილი.
"ნუ შევიძენთ კრემლის პროპაგანდას!" _ ამ ლოზუნგით ჯგუფის წევრებმა ერთგვარი აქციაც კი მოაწყვეს კაუნასის ერთ-ერთ უდიდეს სუპერმარკეტში და მათი აზრით რუსულ პროდუქციას სპეციალური ეტიკეტები დააკრეს.
"მოვუწოდებთ ყველა ლიტველს არ შეიძინონ პროდუქცია, რომელზეც სტიკერებია დაკრული, რადგან ამით ხელს შეუწყობენ რუსული აგრესიის ლიტვაში პროპაგანდას…. მწარმოებლები ბოლოსდაბოლოს მიხვდებიან, რომ რუსულ არხებზე თავიანთი პროდუქციის რეკლამირება ცუდად აისახება გაყიდვებზე და საბოლოოდ შეწყვეტენ კრემლთან ურთიერთობას და ტელევიზიების დაფინანსებას," – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.
რუსულ პროდუქციებს შორის მოხვდა ქართული "ბორჯომიც". კომპანიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნანიკო კუპრაშვილის თქმით, დეტალებს არკვევენ და კომენტარსაც მოგვიანებით გააკეთებენ.
სუპერმარკეტის წარმომადგენლის განცხადებით კი, იდენტიფიცირებულია ის პიროვნება, რომელმაც ეს ქმედება ჩაიდინა და შემდგომ რეაგირებას პოლიციისგან ელოდებიან.