ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში წერია.
"2012 წლის 9 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და შპს "ოქტან-მედეა"-ს შორის გაფორმდა გამარტივებული შესყიდვის ფორმით ხელშეკრულება ღირებულებით 220.0 ათასი ლარი, რომელიც ითვალისწინებდა ოზურგეთში სასპორტო სკოლის კაპიტალურ შეკეთებას. სამუშაოების მიმდინარეობისას 2012 წლის 30 აგვისტოს შესაბამისი დასაბუთების გარეშე, მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ხარჯთაღრიცხვაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით შეიცვალა შესასრულებელი სამუშაოების სახეობები.
კერძოდ, ხარჯთაღრიცხვიდან ამოღებულია საჭიდაო დარბაზში ლითონის კონსტრუციების შემოსვა კარვოლინით და პირველ და მეორე სართულებზე კედლების შელესვა ქვიშა-ცემენტის ხსნარით.
პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება განხორციელდა იმის გამო, რომ შენობა ამორტიზებული იყო და შიდა კედლებზე შელესვა მოკლე დროში ვერ მოხერხდებოდა. ხოლო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო კონკრეტული თარიღისთვის. ამოღებული სამუშაოების ნაცვლად ლითონის კონსტრუქციებსა და კედლებზე გაეკრა თაბაშირ-მუყაოს ფილები.
შესრულებულ სამუშაოებზე კი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2012 წლის 28 სექტემბერს, ხოლო ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული სამუშაოების შემდგომი ცვლილებები საბოლოო ხარჯთაღიცხვაში ასახულია 2012 წლის 2 ოქტომბერს. ანუ სამუშაოების დასრულებიდან 5 დღის შემდეგ.
აუდიტის ჯგუფის წევრებისა და მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირის მიერ სასპორტო სკოლის ვიზუალური დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ საჭიდაო დარბაზში თაბაშირ-მუყაოს ფილები დაზიანებულია, ხოლო სახურავიდან ჩამოსულმა წყალმა დააზიანა შენობაში დამონტაჟებული "ამსტრონგის" ჭერი. შედეგად არსებობს რისკი, რომ გადახურვის სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების მიხედვით შპს „ოქტან-მედეა“-ს ობიექტის საბოლოო ჩაბარებისას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის უნდა წარედგინა ექსპერტიზის დასკვნა შესრულებული სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, რაც არ განხორციელებულა.
გარდა აღნიშნულისა, იმავე ხელშეკრულების მიხედვით რეაბილიტირებულ ობიექტზე 3 წლის განმავლობაში დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი აღმოფხვრის ვალდებულება ეკისრება მომწოდებელს. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტის მიერ საგარანტიო მოთხოვნის შესაძლებლობა დღემდე არ არის გამოყენებული და დღეის მდგომარეობით, სპორტული დარბაზი კვლავ სარემონტოა." _ წერია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში.