საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინის საერთაშორისო "მწვანე კვირეულზე" ე.წ. აფხაზური კუთხე დაიხურება.
საგარეო უწყება "მწვანე კვირეულის" ხელმძღვანელის ლარს იეგერის განცხადებას ავრცელებს.
"ნება მიბოძეთ, ბოდიში მოგიხადოთ იმის გამო, რომ საერთაშორისო "მწვანე კვირეულზე" ასეთი გაუგებრობა მოხდა. ჩვენ, როგორც ნეიტრალურმა პლატფორმამ, აფხაზეთის რეგიონს სტენდი დავუთმეთ და ვიხელმძღვანელეთ იმ პრინციპით, რომ ყველა რეგიონს მივცეთ პრეზენტაციის საშუალება. ჩვენ უკვე ვესაუბრეთ სოფლის მეურნეობის მინისტრსა და საქართველოს ელჩს და გავათვითცნობიერეთ, რომ სკანდალი გამოვიწვიეთ. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ზუსტად არის ცნობილი, რომ აფხაზეთი საქართველოს ეკუთვნის. მომავლისთვის განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ საქართველო ერთიანი დიდი სტენდით წარმოვადგინოთ და მისი ყველა რეგიონის გაერთიანება იყოს შესაძლებელი. ჩვენ 2015 წლის პრობლემის მოგვარებასაც შევეცდებით. ამისათვის, ხვალინდელი დღისათვის უკვე დაგეგმილი გავქვს საუბრების წარმართვა. მინდა დარწმუნებულები იყოთ, რომ ეს ჩვენს პოლიტიკურ გზავნილს არ წარმოადგენდა – ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ აფხაზეთი საქართველოს რეგიონია და სხვა არაფერი. სწორედ ამიტომ მინდა ძალიან დიდი ბოდიში მოგიხადოთ იმ გაუგებრობის გამო, რომელიც გაგვეპარა. გთხოვთ, ამას გაგებით მოეკიდოთ. ჩვენთვის ეს ჩვეული სიტუაციაა – ხშირად წარმოვადგენთ რეგიონებს ქვეყნის ძირითადი სტენდის მიღმაც. ის აჟიოტაჟი, რომელიც ჩვენი მიზეზით ატყდა, მომავალში ჩვენივე ძალისხმევით გამოსწორდება", – აცხადებს იეგერი და დასძენს, რომ "მწვანე კვირეულის" განწყობა კვალავ მშვიდობიანია "და ჩვენ საქართველოს მონაწილეობით დიდ მომავალს ვხედავთ".
შეგახსენებთ, რომ "მწვანე კვირეულზე", მე-16 პავილიონში ,აფხაზურ კუთხეში აფხაზური მანდარინი, ღვინო, აჯიკა, ყველი, ჩურჩხელები და სხვა პროდუქტები იყო წარმოდგენილი.
16-25 იანვარს გერმანიაში, ბერლინში იმართება სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა "მწვანე კვირეული", რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.
ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ესწრება.
ამავე თემაზე:
ბოდიში „მწვანე კვირეულზე“ აფხაზეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით