ნატო-ს შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის (28+1) ფორმატში, თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის (PARP) შედეგად აღებული ვალდებულებების შეფასების განხილვა გაიმართა.
შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა თავდაცვის უწყებაში სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული პროგრესისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
28+1-ის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები ნატოს წევრი ქვეყნების მიერ დადებითად შეფასდა. წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს წვლილი ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში და გამოხატეს მზადყოფნა, დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს ნატოს უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის შეხვდა. მხარეებმა ნატოს უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს.