20 იანვარს კიოლნის უნივერსიტეტში გაიმართა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის მიხეილ სარჯველაძის და კიოლნის უნივერსიტეტში არსებული ქართული სტუდენტური გაერთიანება "აისის" მიერ ორგანიზებული ღონისძიება "საქართველო ევროპულ მომავალს და საბჭოთა წარსულს შორის“.
საღამოს ფარგლებში მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა მოხსენება თემაზე "დამოუკიდებლობის ფასი. საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“.
ასევე, სიტყვით გამოვიდა აისის მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი, კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტი ნინო ბურდილაძე, რომელმაც საზღვარგარეთ ქართველი სტუდენტების როლზე და "აისის" პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
გერმანიას და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე, გერმანიაში ქართული დიასპორისა და სახელმწიფოს კომუნიკაციაზე, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ქართველი ახალგაზრდებისთვის არსებულ პროგრამებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა გერმანიის საერთაშორისო მიგრაციის და განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა ბატონმა ბენიამენ ვიოსტენმა.
პუბლიკა საკმაოდ მულტიკულტურული იყო და ღონისძიებას გერმანელი და ქართველი სტუდენტების გარდა დაესწრნენ ფრანგი, ესპანელი, ინდონეზიელი, აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი, უკრაინელი და აფრიკელი სტუდენტები.
ღონისძიების მიზანი იყო არამხოლოდ გერმანელი არამედ სხვა უცხოოელი სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება. თუ როგორ განვითარდა მოვლენები საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რა გამოწვევების წინაშე იდგა ქვეყანა 90 იან წლებში და რა გამოწვევებია ამჟამად აქტუალური.
საქართველოს ახალგაზრდა ელჩი სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტია, რომელიც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია პირველ ეტაპზე საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში ქართული კულტურის პოპულარიზაცია, საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ახალგაზრდების მობილიზება და საქართველოს მეგობარ უცხოელთა კლუბების შექმნა. ახალგაზრდა ელჩის ინიციატივის განხორციელება ამ ეტაპზე მსოფლიოს ათ ქვეყანაში ( აშშ, ავსტრია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ლიტვა, პოლონეთი, საფრანგეთი, უკრაინაა და ჩეხეთი) მიმდინარეობს.