შვედეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, სტოკჰოლმში შვედეთ-საქართველოს სავაჭრო პალატა დაფუძნდა.
შვედეთი საქართველოში ენერგეტიკული პროექტების განხორციელებით არის დაინტერესებული. საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში შვედური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, სავაჭრო პალატამ უკვე დაიწყო კონტაქტების დამყარება შვედეთის რეგიონულ სავაჭრო პალატებთან და იმ შვედურ კომპანიებთან, რომლებიც ენერგეტიკის სექტორში მუშაობენ.
შვედეთ-საქართველოს სავაჭრო პალატამ პირველი შეხვედრა შვედურ სააგენტოებთან და კომპანიებთან შვედეთში საქართველოს საელჩოს შენობაში გამართა. შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ბენგტ კარლსტრომმა, ცენტრალური შვედეთის სავაჭრო პალატის მენეჯერმა ანა ჰოლმსტრომმა და შვედური კომპანიის „Green Energy” პრეზიდენტმა ურბან იოელსონმა, საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ უმასპინძლა.
საქართველოს ელჩმა მან პალატის დაარსებას შვედეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოს ბაზრით სულ უფრო მეტი შვედური კომპანია ინტერესდება.
კონსტანტინე ქავთარაძის თქმით, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ბაზარზე შესული შვედური კომპანიების რიცხვი. ბოლო მონაცემებით, თავისი წარმომადგენლობა საქართველოში 14-მა შვედურმა კომპანიამ გახსნა, მათ შორის ABB, Swedbank, Skania, Ericsson, Telia-Sonera, Oriflame. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ შვედეთ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური პალატა ხელს შეუწყობს ორმხრივი ეკონომიკური და ბიზნეს კონტაქტების კიდევ უფრო გააქტიურებას.
შვედეთ-საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი შვედი ბიზნესმენი ბენგტ კარლსტრომი. სიმბოლურია, მისი ბაბუა – გრიგორი გაჩეჩილაძე 1918 წელს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ სკანდინავიაში მივლენილი ეკონომიკური მისიის წევრი იყო.