ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში 23 წლის გიორგი გოგიბერიძე მგელმა დაკბინა. როგორც "გურია ნიუსს" დაზარალებულის დედამ დარიკო გოგიბერიძემ უთხრა, შემთხვევა ორი საათის წინ მოხდა:
_ დილით, ჩემს ეზოში შემოვარდა მგელი. მეზობლები დაედევნენ. ჩემი შვილი ეზოში ჩავიდა, ჯოხი ჰქონდა ხელში, რომელიც უნდოდა, რომ დაერტყა. სწორედ ამ დროს, ეცა მგელი ფეხზე. გიორგიმ შეძლო, მგელს ხელებით ყბა დაუკავა და ძირს დააგდო. ამ ორთაბრძოლას მეზობლები უყურებდნენ, რომლებმაც დროულად შეძლეს დახმარება და მგელი ნაჯახით მოკლეს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დარიკო გოგიბერიძემ.
მგლისგან დაკბენილი გიორგი გოგიბერიძე ამ წუთებში ჩოხატაურის კლინიკა "მამქოლშია" მოთავსებული. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ქვენობანში გვითხრეს, მგელი მათ სოფელს ხშირად სტუმრობს და პირუტყვს ანადგურებს.