"დემოკრატიული მოძრაობა" მთავრობის მხრიდან არაკომპეტენტური განცხადებების გაკეთების თაობაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „პარტია ვეღარც კი ასწრებს მათზე რეაგირებას.
"გამაოგნებელია შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი ცდილობს ადამიანებმა მსუბუქი სასჯელით დატოვონ საპატიმრო. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ისიც კი არ იცის, რომ ნორმალურ სახელმწიფოში მხოლოდ სასამართლო წყვეტს ვინ რა სასჯელით დატოვებს ციხეს. გომელაურის ამგვარი განცხადებები სასამართლოზე პირდაპირი ზეწოლაა.
„დემოკრატიული მოძრაობა“ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ კანონის სრული სიმკაცრით, უნდა ისჯებოდეს, უპირველეს ყოვლისა, უკანონო ბრძანების გამცემი პირი და ბუნებრივია არ უნდა ტყდებოდეს ჯოხი სპეცრაზმელზე, რომელსაც ზემდგომის ბრძანების შესრულება უწევს. თუმცა ხელისუფლებას, რომ გააჩნდეს საკმარისი კომპეტენცია, ქვეყანაში უნდა არსებობდეს სისტემა, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს უკანონო ბრძანების გაცემას. ხოლო რაც შეეხება ამ ბრძანების შემსრულებელ პირებს, კანონმდებლობა სწორედ რომ უნდა ითვალისწინებდეს მძიმე სასჯელს უკანონო ბრძანების შესრულებისთვის, რაც უპირველეს ყოვლისა, იქნება თავად სპეცრაზმელის დაცვის მექანიზმი და მოტიაცია, უარი თქვას ზემდგომის მიერ გაცემული უკანონო ბრძანების შესრულებაზე."