ჯანდაცვის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა გრძელვადიან ხელშეკრულებას საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფთან. ხელშეკრულების მიზანია, ჯანდაცვის თვისობრივად ახალი მოდელის შექმნა.
ამ პროექტის მიხედვით ქვეყანაში ამჟამად მოქმედი „ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა" გარდაიქმნება სახელმწიფო აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის სისტემად. ამ სისტემასთან დაკავშირებით განმარტებები კურიერთან ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.
„ძირითადი სტრატეგია, რომელიც წინასაარჩევნო პლათფორმაში იყო მოცემული მოიაზრებდა სახელმწიფო სადაზღვევო ფონდის შექმნას, რაც შეეხება მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციებს საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის შესახებ მოიაზრებს, რომ პირველ ეტაპზე შეიქმნება სახელმწიფო ფონდი, ხოლო მას შემდეგ რაც სახელმწიფო შექმნის ხარისხის კონტროლისა და ფასწარმოქმნის ერთიან ინტეგრირებულ სისტემებს, შესაძლებელია რომ სახელმწიფოს ფუნქცია და როლი შემცირდეს და ასპარეზზე ისევ გამოვიდეს კერძო სადაზღვეო კომპანიები.“ – განაცხადა დავით სერგეენკომ "კურიერის" პირდაპირ ეთერში.