ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის დავით დონდუას განცხადებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 31-ე რაუნდზე აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ დააყენა საოკუპაციო ხაზებს მიღმა არსებულ სასაფლაოებზე საქართველოს მოქალაქეების დაშვების საკითხი.
_ ჩვენი და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მედიატორთა ძალისხმევის მიუხედავად, საოკუპაციო ძალამ, სამწუხაროდ, უარი თქვა ისეთი ჰუმანიტარული ხასიათის ინიციატივაზე, როგორიცაა ქართველი დედების მიერ შვილების საფლავების მონახულება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
მსგავსი არაკონსტრუქციული დამოკიდებულება და ჰუმანიტარული საკითხების მიზანმიმართული პოლიტიზირება ზიანს აყენებს შედეგზე ორიენტირებული, ეფექტური დიალოგის წარმოების შესაძლებლობას მომავალში და მნიშვნელოვნად აფერხებს ნდობის აღდგენას ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის, _ აღნიშნა დუნდუამ.