მიმდინარე წლის თებერვალში, „გურია ნიუსი“ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, რუსთავში, მეგობრობის გამზირზე არსებულ ერთ-ერთი აფთიაქის შენობაში მდებარე რამდენიმე კვ.მ-იან ოთახში განთავსებულ ექიმის კაბინეტზე წერდა, სადაც ექიმი ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, 50 თეთრის სანაცვლოდ ნებისმიერი სახის რეცეპტს იძლეოდა.
მაშინ, გამოცემამ საქმის კურსში ჯანდაცვის სამინისტროც ჩააყენა.
მოგვიანებით, მასალის ავტორი თემაზე ჯანდაცვის მინისტრსაც ესაუბრა და მისგან პირობა მიიღო, რომ საქმით დაინტერესდებოდა. თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა, რადგან როგორც მასალის ავტორი ამბობს, კაბინეტი, ზუსტად ამავე დანიშნულებით ისევ ფუნქციონირებს.
დღეს კი, გიგაურის თქმით, ამ ქალბატონის, შვილმა ბესო ზანგურმა მასსოციალური ქსელის საშუალებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.
თავად ზანგური აღნიშნულს უარყოფს და „გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ მისი სახელით ბევრი ფეისბუქ გვერდია გახსნილი, შესაბამისად მიმოწერაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.
თუმცა, იმ ფეისბუქ ლინკზე, რომლითაც აღნიშნული მიმოწერა ხდებოდა, „გურია ნიუსი“ ზანგურს მომხდარზე მეორედაც ესაუბრა და მას შეურაცხყოფის ამსახველი ე.წ. სქრინიც გადაუგზავნა, რაზე მან გვიპასუხა, რომ მიმოწერის ავტორი თვითონ არაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების ავტორმა, ჟურნალისტმა თეონა გიგაურმა, ძველი თბილისის პოლიციას მიმართა და შეურაცხყოფისა და მუქარის დამადასტურებელი მტკიცებულებები გადასცა. შესაბამისად, გამოძიება დაადგენს ნამდვილად ზანგურს ეკუთვნის თუ არა ფეისბუქ გვერდი, რომლითაც ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენეს.