"ჰელსინკის პრინციპების გამოძახილი" ამ სახელწოდებით, 5-9 ივლისს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის სხდომები გაიმართება. რიგით 24-ე ყოველწლიური სესიის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თედო ჯაფარიძის, გიორგი ვოლსკის და გიორგი წერეთლის მონაწილეობით მიიღებს. სესიის ფარგლებში, პლენარული სხდომების პარალელურად, სხვადასხვა ქვეყნის 300-მდე პარლამენტის წევრი, მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ თემებზე საკომიტეტო სხდომებზე იმსჯელებენ. კანონმდებლები უკრაინის კრიზისზე, მიგრანტების და ლტოლვილების მდგომარეობაზე, კლიმატის ცვლილებისა და უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხებს განიხილავენ. სესიის დასასრულს, საპარლამენტო ასამბლეა ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებისთვის პოლიტიკურ საკითხებზე, ეკონომიკის, გარემოს და ადამიანის უფლებებზე რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, ღონისძიებებში მონაწილეობას ფინეთის პრეზიდენტი, საული ნიინისტო, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტიმო სოინი და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივიჩა დაჩიჩი მიიღებენ. პლენარულ სხდომებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ილკა კანერვა უხელმძღვანელებს.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი სესია საიუბილეო თარიღს ემთხვევა. 40 წლის წინ, 1975 წლის აგვისტოში, „ჰელსინკის დეკლარაციის" მიღებით, რომელსაც ხელი ევროპის ყველა ქვეყანამ, კანადამ, აშშ-მ და საბჭოთა კავშირის წარმომადგენელმა მოაწერა, საფუძველი ჩაეყარა ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნას. ჰელსინკის აქტით განისაზღვრა ათი ძირითადი პრინციპი, რომელიც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების პირობებს აწესრიგებდა.