შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მესტიის რაიონში, უშბაზე მყოფ გერმანელ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მესტიის რაიონში, მწვერვალ უშბის მიმართულებით მიმავალ, გერმანელ ტურისტებს მაშველების დახმარება ესაჭიროებოდათ, ერთ-ერთ მათგანს ფეხი ჰქონდა დაზიანებული და ძლიერი ტკივილების გამო გადაადგილებას ვერ ახერხებდა. დაკარგული და დაშავებული ტურისტების ჩამოსაყვანად, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემართა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მესტიის მეორე სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების 7 კაციანი და სასაზღვრო პოლიციის 6 კაციანი ჯგუფი.
ნაპრალში ჩავარდნილ ტურისტს გადაადგილება არ შეეძლო, მაშველებმა იგი დაახლოებით 10 კმ. ფეხით სავალ გზაზე ხელით ატარეს და სოფ. ბეჩომდე უვნებლად ჩამოიყვანეს. ერთობლივად ჩატარებული წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებმა, გერმანელი ტურისტები მესტიაში ჩამოიყვანეს, საიდანაც დაშავებული ტურისტი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის მიერ მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს.