თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ისეთი სასესხო ურთიერთობა, როდესაც კერძო მევახშეები მოვალეებს გაცემულ სესხზე თვეში 10 პროცენტიან სარგებელს არიცხავდნენ, საჯარო წესრიგთან და ზნეობრივ ნორმებთან შეუთავსებლობიდან გამომდინარე ბათილად იქნა ცნობილი. -ამის შესახებ ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.
"ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. სამოქალაქო კოდექსში 2007 წელს გაუქმდა ნორმა, რომელიც კერძო სასესხო ურთიერთობაში პროცენტის მაქსიმალურ ზღვარს განსაზღვრავდა. ამის შემდეგ მევახშეებს ხელები გაეხსნათ და გაცემულ სესხებს თვეში რვა – ათ პროცენტ სარგებელს არიცხავდნენ. ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანებს პროცენტის სახით ორი იმდენი აქვთ გადახდილი, ვიდრე სესხი აქვთ აღებული. მთელი თანხა პროცენტში მიდის, სესხი კი წლების მანძილზე არ მცირდება, რის გამოც ყიდიან სახლ-კარს და ზოგჯერ მთელ ქონებას კარგავენ.
ეს გადაწყვეტილება თავისი შინაარსით უპრეცედენტო ჩარევას წარმოადგენს კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში და დაფუძნებულია სამართლიანობის, საჯარო წესრიგის და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებზე.
სასამართლომ დაადგინა, რომ ისეთი გარიგება, როდესაც სესხის ხელშეკრულების პროცენტი არის შეუსაბამოდ მაღალი ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს, საჯარო წესრიგს, სოციალური სამართლიანობის პრინციპს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ეს გადაწყვეტილება 2016 წლის 12 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ, მოსამართლეების: მაია სულხანიშვილის, ბესარიონ ტაბაღუას და ნატალია ნაზღაიძის მონაწილეობით ძალაში დარჩა.
ამით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება კერძო სასესხო ურთიერთოებებში შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთების არსებობა. უნდა გვესმოდეს, რომ მაშინ როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს და ბანკები მათ უმეტეს შემთხვევაში კრედიტის გაცემაზე უარს ეუბნებიან, არაგონივრულად მაღალი საპროცენტო განაკვეთები მევახშეების არათანაზომიერ გამდიდრებას იწვევს და აშკარად არღვევს სოციალური თანასწორობის პრინციპს, რაზეც ზოგადად სამართლებრივი სახელმწიფოა დაფუძნებული", – აცხადებს ადვოკატი.