მომავალ არჩევნებზე სპეცუბნები აღარ იქნება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრაზე განაცხადა.
"დასაწყისშივე მინდა მოგახსენოთ, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით.
ბოლო დღეებში მიღებული გადაწყვეტილება გახლავთ ასევე ის, რომ ჩვენ სპეცუბნებს ვაუქმებთ და ამის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში ეს საკითხი უკვე ატვირთულია. ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ თქვენი წინადადებები და ვიმსჯელოთ ერთად, განვიხილოთ ის არგუმენტები, რომლებიც თქვენ გაქვთ და ასევე, მოისმინოთ არგუმენტები, რომლებიც გაგვაჩნია ჩვენ", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს ასევე მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ საქართველო იმყოფება ევროკავშირთან ასოცირების პროცესში და ბოლო პერიოდში, ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.