ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების რამდენიმე უბანში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს, გზები კი ამ დრომდე არ გაწმენდილა, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" ნატანებიდან აცნობეს.
ჩვენს ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციით, ნატანებში, საკუპრეს უბანში ამ დღეებში განმავლობაში გზა საერთოდ არ გაწმენდილა.
"ჩვენამდე არავინ მოსულა, საკუპრეს უბანი საერთოდ არ გაუწმენდიათ. გუშინ ძლივს დავუკავშირდით გამგებლის წარმომადგენელს და დაგვპირდა ტრაქტორს გამოგიგზავნითო. ველოდებით და არავინ მოსულა. მას კი ტელეფონი აქვს გამორთული და დაკავშირებას ვერ ვახერხებთ. უბანში გრიპის ვირუსით რამდენიმე ადამიანი გვყავს, სასწრაფოც ვერ მოვა რომ გამოვიძახოთ. იქნებ მოგვაქციონ ყურადღება, ჩვენც ადამიანები ვართ. უბნის დასაწყისში რა სიტუაციაა არ ვიცი, მეზობლებთან გადასვლასაც ვერ ვახერხებთ. თოვლი ერთ მეტრს აცდა", _ გვითხრა ნატანების მკვიდრმა ფიქრია მახარაძემ.
"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერაბ ჭანუყვაძეს დაუკავშირდა, რომლის ინფორმაციითაც, ნატანების უბნებში გზა დღის ბოლომდე გაიწმინდება.